რეზა ფეჰლევი - მზად ვარ, გარდამავალ პროცესს ვუხელმძღვანელო

რეზა ფეჰლევი

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, გარდამავალ პროცესს უხელმღვანელოს.

რეზა ფეჰლევის განცხადებით, როდესაც შესაბამისი მომენტი დადგება, ირანელ ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, მან შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო.

„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ გადადის ირანი დევიზიდან „სიკვდილი ამერიკას“, „ღმერთმა დალოცოს ამერიკამდე“? პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის. მე კი ვაპირებ, კვლავ დიდებული გავხადო ირანი“, – აღნიშნა რეზა ფელჰევმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ტაშითა და შეძახილებით საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

მისივე თქმით, ირანელ ხალხს აქვს რეალური შანსი, დაასრულოს ტერორის რეჟიმი.

„ცხოვრება ვერასდროს დაუბრუნდება ნორმალურ რიტმს. ხალხსა და რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა. ყველა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ყველაფრის შემდეგ, რაც მათ მსხვერპლად გაიღეს, ერთი ტირანის მეორეთი ჩანაცვლებას არასდროს დათანხმდებიან. პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როდესაც თქვა: „ჩვენ არ გვინდა ორ წელიწადში ერთხელ დაბრუნება“. რეჟიმის რომელიმე ფრაქცია ხელისუფლებაში თუ დარჩება, ზუსტად ეს მოხდება. ის დროს მოიგებს, მოლაპარაკებას აწარმოებს. შემდეგ კი დაუბრუნდება თავის ძველ ჯიჰადისტურ გზას, რომელიც ამერიკას, მის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ემუქრება.

ირანელ ხალხს აქვს რეალური შანსი, დაასრულოს ეს ტერორისა და ქაოსის რეჟიმი. რეჟიმის რეპრესიული მანქანა დეგრადირებული, მისი ტერორისტული ქსელი გაწყვეტილი, მისი ხელმძღვანელობა კი განადგურებულია. ეს ყველაფერი, როგორც ამერიკელების, ასევე ირანელების მსხვერპლად რომ ღირდეს, ჩვენ სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს რეჟიმი მთლიანად უნდა ჩამოიშალოს. ის, რასაც ახლა ამერიკისგან ვითხოვთ, მარტივია – ამ კურსს არ გადაუხვიოთ. არ მისცეთ ამ ჩამოშლის პირას მყოფ რეჟიმს გადარჩენის შანსი. გზა გაუხსენით ირანელ ხალხს, საქმე ბოლომდე მიიყვანონ“, – განაცხადა რეზა ფეჰლევმა.