ოზურგეთის დრამატული თეატრი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

ოზურგეთის თეატრი

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.

გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ომარ (ომისხან) ურუშაძე.

„ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ოზურგეთის საპატიო მოქალაქის, გამორჩეული კოლორიტისა და ქართული თეატრის ღირსეული წარმომადგენლის, ქართული ხალხური სიმღერების გამორჩეული შემსრულებლის — 82 წლის მსახიობის, ომარ (ომისხან) ურუშაძის გარდაცვალების გამო.

ომარ ურუშაძე 1967 წლიდან იყო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი და მრავალი ათწლეულის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართულ სცენას. მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობა გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი სახეებით, მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია მის მიერ განსახიერებული მურადასა და ბეჟანას სახეები. მისი პროფესიული დამსახურება არაერთხელ იქნა აღიარებული:

1988 წელს, თეატრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება;

2018 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით;

იყო გიორგი შავგულიძისა და ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახელობის პრემიების ლაურეატი.

ომარ ურუშაძე არა მხოლოდ გამორჩეული მსახიობი, არამედ ფართო საზოგადოების მიერ დაფასებული და საყვარელი პიროვნება, ოზურგეთის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. იგი ასევე იყო ანსამბლ „სახიონის“ წევრი, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა მის შემოქმედებით გზას.

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ოზურგეთის თეატრისთვის, ისე მთლიანად გურიის კულტურული სივრცისთვის. ომარ ურუშაძის სახელი დარჩება როგორც ღირსეული არტისტისა და მაღალი ადამიანური ღირებულებებით გამორჩეული პიროვნების ნათელი მაგალითი.

გამოსვენება გაიმართება შაბათს, 11 აპრილს, 15:00 საათზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან.ოზურგეთის თეატრი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისთვისაც ომარ ურუშაძე ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო.

ასევე ნახეთ: VIDEO: „ჩემზეა ნათქვამი, სცენაზე დაბერდაო, მართლა დავბერდი...“ - ცნობილი მსახიობის ომარ ურუშაძის ბოლო ინტერვიუ არქივიდან