ცნობილია რა ეღირება სასკოლო ფორმები და ვინ მიიღებს უსასყიდლოდ
1786374838
ბევრისთვის კბილების მოვლა დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისის გამოყენებით მთავრდება. თუმცა მხოლოდ სწრაფი გახეხვა ყოველთვის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კარიესი, კბილის ნადები, ქვები და ღრძილების დაავადებები თავიდან ავიცილოთ.
სტომატოლოგი ოთარ ჩხაიძე გვირჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას და პრობლემის გაჩენამდე ვიზიტი პროფილაქტიკის მიზნით დავგეგმოთ.
ღრძილების სისხლდენა უყურადღებოდ არ დატოვოთ
პაროდონტის დაავადებები ერთ დღეში არ ვითარდება. პრობლემას ხშირად წინ უძღვის ღრძილების ანთება, სისხლდენა, ნადებისა და კბილის ქვების დაგროვება.
თუ კბილების გახეხვისას ღრძილებიდან სისხლი მოდის, ეს მხოლოდ „ჩვეულებრივი ამბავი“ არ არის და ყურადღებას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის გაუმჯობესება და სტომატოლოგთან კონსულტაცია.
კბილების გახეხვისას ჯაგრისი არ უნდა იყოს ზედმეტად ხისტი. მნიშვნელოვანია კბილების ყველა ზედაპირის საფუძვლიანად გაწმენდა და პროცედურისთვის საკმარისი დროის დათმობა.
რა იწვევს კბილის ქვების წარმოქმნას?
კბილის ნადები, რომელიც დროულად არ იწმინდება, შესაძლოა გამაგრდეს და კბილის ქვად გარდაიქმნას. მისი დაგროვება განსაკუთრებით პრობლემურია ღრძილების ხაზთან, რადგან ხელს უწყობს ანთებითი პროცესების განვითარებას.
უკვე წარმოქმნილი კბილის ქვის სახლში მოცილება პრაქტიკულად შეუძლებელია და მისი ძალით ჩამოფხეკა შესაძლოა კბილებისა და ღრძილების დაზიანების მიზეზი გახდეს.
ამიტომ კბილის ქვების შემთხვევაში საჭიროა პროფესიული წმენდა სტომატოლოგიურ კლინიკაში.
შეიძლება თუ არა კბილზე ქვების სახლში მოცილება?
სპეციალური ხელსაწყოებით ან სახლის პირობებში კბილის ქვის მოცილების მცდელობა რეკომენდებული არ არის. ასეთი ჩარევით შესაძლებელია მინანქრისა და ღრძილების დაზიანება.
სწორი მიდგომაა პროფესიული წმენდა და შემდგომში პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა.
ცივი თუ თბილი წყალი?
კბილების გახეხვისას წყლის ტემპერატურას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, თუ ადამიანს კბილების მომატებული მგრძნობელობა აქვს, ძალიან ცივი ან ცხელი წყალი შესაძლოა დისკომფორტს იწვევდეს.
ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მგრძნობელობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კბილის პასტის გამოყენება.
კბილის ჯაგრისი როგორი უნდა იყოს?
ჯაგრისის არჩევანი ინდივიდუალურია. განსაკუთრებით მგრძნობიარე ან ანთებითი ღრძილების შემთხვევაში უპირატესობა რბილ ჯაგრისს ენიჭება.
ჯაგრისის გამოყენების შემდეგ ის კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით და გაშრეს. მისი დეზინფექციისთვის საყოფაცხოვრებო საპნის ან სხვა აგრესიული საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის.
ჯაგრისი პერიოდულად უნდა შეიცვალოს — განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი ბუსუსები გაცვეთილი ან დეფორმირებულია.
კბილის პასტა როგორ შევარჩიოთ?
ყველა ადამიანს ერთი და იგივე კბილის პასტა არ სჭირდება. არჩევანი დამოკიდებულია პირის ღრუს მდგომარეობაზე, კარიესის რისკზე, ღრძილების ჯანმრთელობასა და კბილების მგრძნობელობაზე.
კარიესის პრევენციისთვის უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფტორის შემცველი კბილის პასტის გამოყენება. თუ ადამიანს ღრძილების სისხლდენა, კბილების მგრძნობელობა ან სხვა პრობლემა აქვს, კონკრეტული საშუალების შერჩევა უმჯობესია სტომატოლოგთან შეთანხმდეს.
რაც შეეხება მათეთრებელ პასტებს — მათი გამოყენება კბილების პროფესიულ გათეთრებას არ უტოლდება.
უსიამოვნო სუნი პირის ღრუში — რას ნიშნავს?
პირიდან უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნადები, კბილის ქვები, ღრძილების ანთება ან კარიესული კბილები.
ამიტომ მხოლოდ სავლების გამოყენებით პრობლემის „დაფარვა“ საკმარისი არ არის. პირველ რიგში საჭიროა მიზეზის დადგენა.
თუ სტომატოლოგიური მიზეზები გამოირიცხა, უსიამოვნო სუნს სხვა ფაქტორებიც შეიძლება იწვევდეს და საჭირო გახდეს შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია.
კბილების გათეთრება რამდენად ხშირად შეიძლება?
პროფესიული წმენდა და კბილების გათეთრება ერთი და იგივე პროცედურა არ არის.
პროფესიული წმენდის სიხშირე ადამიანის პირის ღრუს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ადამიანს წელიწადში რამდენჯერმე სჭირდება, ზოგს — უფრო იშვიათად.
რაც შეეხება პროფესიულ გათეთრებას, მისი საჭიროება და სიხშირე ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. პროცედურამდე აუცილებელია კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის შეფასება.
ბავშვი სტომატოლოგთან როდის უნდა მივიყვანოთ?
ბავშვის სტომატოლოგიური მოვლა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. მშობელმა ბავშვს პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევების ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს.
პირველი სტომატოლოგიური ვიზიტი პრობლემის გაჩენამდე გაცილებით უკეთესი მიდგომაა, ვიდრე ექიმთან მხოლოდ ტკივილის ან კარიესის განვითარების შემდეგ მისვლა.
პროფილაქტიკური ვიზიტები საშუალებას იძლევა, პრობლემები ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და რთული მკურნალობის საჭიროება შემცირდეს.
ერთი დაკარგული კბილის აღდგენა შესაძლებელია მეზობელი კბილების დაზიანების გარეშე?
თანამედროვე სტომატოლოგიაში დაკარგული ერთი კბილის აღდგენის ერთ-ერთი შესაძლებლობა დენტალური იმპლანტაციაა.
იმპლანტი ყბის ძვალში თავსდება და შემდგომ მასზე კბილის გვირგვინი ფიქსირდება. ამ შემთხვევაში მეზობელი ჯანმრთელი კბილების დაქლიბვა, როგორც ეს ზოგიერთ ხიდოვან კონსტრუქციას სჭირდება, შესაძლოა საჭირო არ გახდეს.
თუმცა იმპლანტაცია ყველა პაციენტისთვის ერთნაირად არ იგეგმება. საჭიროა ინდივიდუალური შეფასება, დიაგნოსტიკა და მკურნალობის გეგმის შედგენა.
ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა — ნუ დაელოდებით ტკივილს
პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დაიწყოს, როცა კბილი გვტკივა.
პროფილაქტიკური ვიზიტი ხშირად გაცილებით მარტივი და ნაკლებად ხარჯიანი გზაა პრობლემის დროულად აღმოსაჩენად. კარიესი, ღრძილების დაავადებები, კბილის ქვები და სხვა პრობლემები საწყის ეტაპზე უფრო მარტივად სამართავია.
ჯანმრთელი ღიმილის მთავარი საიდუმლო მხოლოდ კბილის ჯაგრისი არ არის — ეს არის ყოველდღიური სწორი ჰიგიენა, ყურადღება პირის ღრუს მდგომარეობის მიმართ და სტომატოლოგთან დროული ვიზიტი.