ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო

ნიკოლ ფაშინიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ძმურ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კობახიძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფაშინიანს ასეთი თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.