1790255236
ნანული გუგუნავა, მთაწმინდის პანთეონში, მეუღლის, ნოდარ დუმბაძის გვერდით დაკრძალეს
ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მეუღლე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
"ჩემთვის ბებიაჩემი იყო თავისი ქმრის ერთგულების, ოჯახის სიყვარულის მაგალითი და სიმბოლო და ჩემთვის, მართალია, ბავშვობა დიდი ხანია დამთავრდა, მაგრამ ის, რაც ბავშვობის სილაღე მოგყვება ყოველთვის ადამიანს, ყოველ შემთხვევაში, გინდა, რომ გამოგყვეს... ბებიაჩემის წასვლით, თითქოს ეს სილაღეც დამთავრდა. სევდიანი განწყობა მაქვს, რა თქმა უნდა", - აცხადებს ნანული გუგუნავას შვილიშვილი ნოდარ მაჭარაშვილი.
გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ასევე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.












