ნახეთ, სპორტის რომელი სახეობების დამსახურებით არიან დღემდე ასეთ ფორმაში ქართველი ხელოვანები

rejisorebi

სპორტი რომ ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აქ ახალი არაფერია. ფიზიკური აქტივობა სიცოცხლისუნარიანობას საგრძნობლად ზრდის.

ამის ნათელი მაგალიათია, თუნდაც ეს სამი საამაყო ხელოვანი, რომლებიც 90-94 წლის ასაკშიც მუშაობენ და არ წყდებიან საყვარელ საქმეს.

ნახეთ, რომელი მათგანი სპორტის რა სახეობითაა გატაცებული.

87 წლის მერაბ კოკოჩაშვილი ფილმის გადაღებას ასრულებს. ამბობს, რომ ცურვას მისთვის წამლის ეფექტი აქვს...

მერაბ კოკოჩაშვილი: პატარა ასაკში კალათბურთს ვთამაშობდი. მერე ალპინიზმმა გამიტაცა. კავკასიონი, პამირი დამილაშქრავს, კინო გადაღებაც მქონია მწვერვალზე. თავისთავად ცხადია, მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. 

ჩემთვის ცურვაა წამალი. ამის გარეშე არ შემიძლია. ინსულტი გადავიტანე და აგერ უკვე შვიდი-რვა წელია, რაც სისტემატურად, კვირაში ორი დღეა ვცურავ. სუნთქვა, გული - ყველაფერი მუშაობს, როდესაც ფიზიკურად დატვირთული ხარ. დილით ორმოცი წუთი ცურვა სრულიად საკმარისია, რომ ფიზიკურად ფორმაში იყო.  

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სპორტი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია. პირდაპირ წამალია სპორტული აქტივობა და დიდი სიამოვნების მომნიჭებელიც. 

ლეო ანთაძე 90 წლის ხდება. დღემდე მართავს მონო სპექტაკლს და ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონს", უშეცდომოდ, თავიდან ბოლომდე ზეპირად ჰყვება...

ლეო ანთაძე: გავიღვიძებ თუ არა, საწოლშივე ვიწყებ ვარჯიშს. ვაკეთებ პრესებს. ქონი რომ დაგადგება მუცელზე, ის აწვება მერე გულს და იწვევს დაავადებებს.

მერე ეზოში ჩამოვდივარ და იქ ვაგრძელებ. ჩემ სახლთან ჯიქიაზე ტრენაჟორებია. მაღალი ფიჭვები და ნაძვებია და ჰაერზე ვვარჯიშობ. 

ახლაც ჰაერზე ვარ და წიგნს ვკითხულობ.  

მიყვარს ცეკვა. თუმცა კარგა ხანია არ მიცეკვია. 

სპორტთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანია სიგარეტის გადაგდება. მე საკმაოდ გვიან დავიწყე მოწევა, 40 წლის ასაკში. სანერვიულო შემხვდა ცხოვრებაში და ასე გვიან გავხდი მწეველი. ვიფიქრე, დარდს გამიქარვებს-მეთქი, მაგრამ სიგარეტი რას გაგიქარვებს. პირიქით, ინფარქტი დამემართა, ბევრს ვეწეოდი რეპეტიციებზე. ცუდად გავხდი და დავანებე თავი სიგარეტს. ცოტა ხანს ვეწეოდი. ახლა მეზიზღება სიგარეტი.

გარშემო ყველა ამბობდა, ერთი ამისთვის დამანებებინა თავი და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებაო. დავფიქრდი, ყველა ნანობს, რომ მწეველია და საქმე სანანებლად რატომ გავიხადო-მეთქი და ამ ფილოსოფიამ მიმიყვანა იქამდე, რომ სიგარეტი არ უნდა მოვწიო. ამდენ ხანს მივაღწიე და ჩემი ასაკის მამაკაცი სცენაზე მე არ მახსოვს. ვაჟას "ბახტრიონი" ზეპირად ვიცი და დღემდე უშეცდომოდ ვყვები.

ზეპირად თუ სწავლობთ ლექსებს გონება ვარჯიშდება. ანგარიშსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინისთვის. მაგრამ მათემატიკაში მე მოვიკოჭლებ. მახსოვრობა ძალიან კარგი მაქვს. 

94 წლის ლანა ღოღობერიძე ლეილა მესხის სახელობის კორტებზე ჩოგბურთს კვირაში ორი დღე თამაშობს.

ლანა ღოღობერიძე „პრაიმტაიმს“ თავის სპორტულ გატაცებებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე უყვება.

ლანა ღოღობერიძე: – ბევრი წელია ჩოგბურთს სულ ერთ პარტნიორთან ერთად ვთამაშობ. ტრენერი ადა პოღოსიანი ჩემი სპარინგ-პარტნიორია. ძალიან კომფორტულია მასთან ერთად თამაში, თან რომ ვიცი, კვირაში ორჯერ ერთი საათით უნდა ვეთამაშო. ძალიან კარგი პარტნიორია, კარგად თამაშობს. საქართველოს პირველობაში კარგი ადგილები ჰქონდა ყოველთვის. ზოგადად, ჩემთვის ჩოგბურთი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი. ელეგენატურობის და კეთილშობილების არენაა.

ახალგაზრდობაში, 50-იან წლებში, მოთხილამურე  და სწრაფად დაშვებაში საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი. ხან პირველ ადგილზე გავდიოდი, ხან – მეორეზე. ჩემი ქმარი, ლადო მესხიშვილი საქართველოში, სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ერთად ავდიოდით ბაკურიანში და კოხტა გორადან ვეშვებოდით… ჩემთვის თხილამურებზე სრიალი, ჩოგბურთი და ცურვა მნიშვნელოვანი სპორტის სახეობებია. ზაფხულობით ძალიან ბევრს ვცურავდი. მე და ლადო ერთად ძალიან შორს მივცურავდით. მიყვარს ცურვა.