„მზად ვართ ყველა დაინტერესებულ პირთან სასაუბროდ, რომ ეს პროგრამა კიდევ უფრო დავხვეწოთ“ - გიორგი იაკობაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვაზე

გიორგი იაკობაშვილი

„ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჩვენი პროგრამა არის იდეალური, რომელშიც არ განიხილება ცვლილებები და არ შეიძლება ამის დახვეწა - ეს ასე არ არის. ჩვენ მზად ვართ ყველა დაინტერესებულ პირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის, რომ ეს პროგრამა, ეს მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავმართოთ," - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი იაკობაშვილმა „რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან შეხვედრების შემდეგ, პროგრამის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები უკვე შეტანილია.

„ჩვენ, სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან შეხვედრების შედეგად, ეს მიმართულებები კიდევ უფრო დავხვეწეთ და მედიაპლატფორმებზე უკვე წინასწარ ვაანონსებთ, სად მივდივართ, - ლოკაციებს, დროს და ა.შ. პროცესში ისიც შემოვიტანეთ, რომ ადგილზე ხდება ჩვენი ვეტერინარების მობილიზება და ვაქცინაცია, ხოლო სტერილიზაცია-კასტრაციის შემთხვევაში გადაყვანა ხდება სათანადო დოკუმენტების გაფორმების, მიმკედლებლების სურვილისა და მასთან შეთანხმების შემთხვევაში," - აცხადებს გიორგი იაკობაშვილი.