„მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ლოცვა იმიერიდანაც წარუძღვება ჩვენს სამშობლოს...“ - ამირან გამყრელიძე უწმინდესზე

ილია მეორე და გამყრელიძე

ექიმი, მკვლევარი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტი ილია მეორეს შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„ჩვენი პატრიარქი!

დასრულდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქა ილია II-ის ზეციურ საქართველოში გადანაცვლებით. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ეკლესიის საჭეთმპყრობელი, გამორჩეული სიბრძნისა და სულიერი სიმტკიცის მატარებელი, სიყვარულის მთესველი და საყოველთაოდ პატივცემული პიროვნება, ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის სულიერი და, გარკვეულწილად, ფიზიკური ერთიანობის სიმბოლოს.
ეს ნახევარი საუკუნე აღსავსე იყო მასშტაბური გლობალური, გეოპოლიტიკური და ისტორიული ცვლილებებით ჩენს ქვეყანაში, რომელთა ფონზეც მან ღირსეულად იტვირთა ერის წინამძღოლისა და მოძღვრის მძიმე ჯვარი.
ჩემთვის განსაკუთრებული მადლიერების საგანია, რომ მომეცა შესაძლებლობა მეცხოვრა მის ეპოქაში და მქონოდა მასთან პირადი ურთიერთობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმონაწილეობდი მის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში და არაერთხელ მიმიღია მისგან მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები, განსაკუთრებით რთულ და კრიტიკულ მომენტებში.
გამორჩეული იყო მისი დამოკიდებულება ექიმებისა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოების მიმართ. ყოველი შეხვედრისას გულწრფელად ინტერესდებოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებით და ხშირად მახსენებდა:
„ამირან, ბავშვებს – ჩვენს მომავალს – ასწავლით ჰიგიენას, ხელების დაბანასა და პირის ღრუს მოვლას? გახსოვდეს, აქედან იწყება მრავალი სნეულების პრევენცია.“

მისი განსაკუთრებული მხარდაჭერა კოვიდპანდემიის პერიოდში, მიუხედავად არსებულ განსხვავებულ შეხედულებათა მრავალფეროვნებისა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პასუხისმგებლობასა და მზრუნველობას საზოგადოების მიმართ.
თქვენი დანაკლისი უმძიმესად იგრძნობა საქართველოს ეკლესიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, თქვენო უწმინდესობავ. მტკიცედ მჯერა, რომ თქვენი ლოცვა იმიერიდანაც წარუძღვება ჩვენს სამშობლოს, ხოლო თქვენი ქადაგებები და ეპისტოლეები კვლავაც იქნება სულიერი საზრდო მომავალი თაობებისთვის.

მადლობა ყველაფრისთვის!“, - წერს ამირან გამყრელიძე.