„მოხედე სიმდაბლესა ჩემსა“ - ლოცვა, სასწაულმოქმედი ხატის წინაშე

მოხედე სიმდაბლესა ჩემსა

29 სექტემბერი, ღვთისმშობლის ხატის „მოხედე სიმდაბლესა ჩემსა“ ხსენების დღეა.

ეს წმინდა ხატი გამოჩინდა1420 წელს, ფსკოვის მიწაზე, კამენოს ტბის პირას. იმავე წლის 16 სექტემბერს ხატი ფსკოვის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. და ამ მოვლენის გასახსენებლად დადგინდა ამ სასწაულმოქმედი ხატის ხსენება.

1993 წლის ზაფხულში იღუმენმა დამიანემ შენიშნა, რომ ხატის ფერები ჩამუქებულიყო. გადაწყვიტეს, მოეწვიათ რესტავრატორები ფერების ცვლილების მიზეზის დასადგენად. თუმცა 1 აგვისტოს, როცა ხატს მინა ჩამოხსნეს, ყველამ დაინახა, რომ ხატზე ფერები უცვლელი იყო, ხოლო მინაზე გადასულიყო ხატის მოვერცხლისფრო გამოსახულება.

დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი თავიდანვე არაერთგვაროვანი იყო. ერთი მხრივ, მორწმუნეებმა დიდი სიხარულით მიიღეს სასწაული, და არც არაფერში დაეჭვებულან. ხოლო ზოგიერთი კიეველი სწავლული კი დარწმუნებული იყო, რომ ეს მორიგი ფალსიფიკაციაა. მათ მოითხოვეს როგორც მინაზე გადასული გამოსახულების მრავალმხრივი გამოკვლევა, ისე თვითონ ხატისაც, რათა გამოეაშკარავებინათ სიცრუე. სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის, პოლიტექნიკური და სხვა სამეცნიერო ინსტიტუტების გამოკვლევები მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ მიზნით ტაძარში მიიტანეს სპეციალური აპარატურა. სწავლულებმა მრავალი მეცნიერული ჰიპოთეზა გამოთქვეს, თუმცა, ბოლოს დაასკვნეს, რომ მომხდარის ახსნა მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია. გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღია ნაცრისფერი გამოსახულება მინაზე ორგანული წარმოშობისაა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ყრმა მაცხოვრის ხელთუქმნელ გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც მუქ ფონზე ნეგატივად მოჩანს, ხოლო თეთრზე - პოზიტივად. ასეთია უკრაინელი მეცნიერების დასკვნა. თუმცა ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა, მაგრამ ერთზე ყველა შეთანხმდა: საქმე გვაქვს XX საუკუნის ერთ-ერთ სასწაულთან. ყველა ეს მოვლენა დაფიქსირებულია რეჟისორ ა.ლესოვის ვიდეოფილმზე „კიევის სასწაული“.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „მიჰხედე სიმდაბლესა“ ევედრებიან სიბრმავის განსაკურნებლად.

ტროპარი
ზღუდეჲ უბრძოლველი ხატი შენი და წყაროჲ სასწაულთა, ვითარცა ძუელად, აღმოუცენებს აწცა მეოხებასა შენსა ერსა ჩუენსა. ყოველსაცა ჟამსა მიხსნენ ჭირთა და მწუხარებათაგან ყოველთა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი ვითარცა სახიერმან დედამან.

ლოცვაჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო, ღუთისმშობელო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაფიმთა უპატიოსნესო, ღუთივრჩეულო ყრმაო, თუალითა მოწყალითა გარდამოიხილე ზეციურთა მაგათ სიმაღლითგან ჩუენ უღირსთა მონათა შენთა ზედა, რომელნი სალმობიერითა ცრემლითა გევედრებით წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა. ნუ მომაკლებ მეოხებასა და ყოვლისამპყრობელსა საფარველსა შენსა მრავალჭირვეულსა და მრავალტვირთულსა ჟამსა ამას მიწიერისა მწირობისა ჩუენისასა. მაცხოვნენ ჩუენ მწუხარენი ესე, აღმადგინენ სიღრმეთაგან ცოდუათა, ვნებათაგან დაბრმობილნი გონებანი ჩუენნი განანათლენ და განკურნენ წყლულებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი! ჰოი, ყოვლადმწყალობელო დედაო მეუფისა კაცთმოყუარისაო, აჩუენენ მდიდარნი წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, აღსრულებითა მცნებათა ქრისტესთა განამტკიცე უძლური ნებაჲ ჩუენი, მოამდორვენ განბოროტებულნი გულნი ჩუენნი სიყუარულითა და ღუთისა და მოყუასისათა, მომმადლენ ჩუენ შემუსვრილებაჲ გულისა და სინანული ჭეშმარიტი, რაჲთა განწმენდილნი ბილწთა ვნებათაგან, ღირს ვიქმნეთ მშვიდობითსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა და კეთილად სიტყვის-გებასა წინაშე საშინელსა და თვალუხილავსა სამსჯავროსა ღუთისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, მის თანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა, სახიერისა და ცხოველისმყოფელისა სულისასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

✕