„მოიმატებს შინაგანი დაძაბულობა, სასურველი იქნება, ინფორმაციის გასაიდუმლოება“ - 16-22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რამაზ გიგაური

მომდევნო 1 კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს. მისი თქმით, 

„მიუხედავად „დაბნელებების დერეფნისა“ (14-29 ოქტომბერი), მომდევნო ერთკვირიანი მონაკვეთი ასტროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო იქნება. განსაკუთრებით ეს შეეხება თანამშრომლობის საკითხებს და შეთანხმებებს, ასევე ისეთ თემებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება წარსულისგან გათავისუფლებასთან და მისი ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევასთან. მით უმეტეს, რომ 20 ოქტომბერს მზე-მერკურის შეერთების პიკი იქნება, რომლის გავლენა 14-28 ოქტომბრის, ანუ თითქმის მთელი „დაბნელებების დერეფნის“ მანძილზე შენარჩუნდება. თან ეს შეერთება სასწორის ზოდიაქოში ხდება და სწორედ ეს მიანიშნებს ადამიანების შინაგან სურვილზე გაწონასწორდნენ, შინაგან ჰარმონიას მიაღწიონ და ეს ყოველივე ცხოვრების გარეგნულ ასპექტებშიც გამოვლინდეს.

21 ოქტომბერს ზემოთ ნახსენები მზე-მერკურის შეერთება კვადრატულ ასპექტს შექმნის პლუტონთან (18-25 ოქტომბრის შუალედში). ეს აქტიური კომუნიკაციის პერიოდია, თუმცა მოიმატებს შინაგანი დაძაბულობა და ნევროზულობაც. ამის მიუხედავად, ეს მიუთითებს შინაგან მოტივაციისა და მიზანსწრაფვის გაძლიერებაზე, რომელიც მიზნის მიღწევის გზაზე დამატებითი იმპულსი გახდება. ამ დროს საჭიროა „ცივსისხლიანი“ მოქმედება და მსჯელობისა თუ კამათის დროს ემოციების მართვა. ასეთი მიდგომა წარმატების მიღწევის ალბათობას ერთი-ორად გაზრდის. ამ დროს ნეგატიური ინფორმაცია უნდა „გაიცხრილოს“ და „გაიფილტროს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი ემოციური სისტემა აქვთ, შესაძლოა შინაგანი შფოთვა გაუძლიერდეთ და ძილთან დაკავშირებული დარღვევებიც გაჩნდეს.

სასურველი იქნება საქმიანი ინფორმაციის გასაიდუმლოება. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში საჭირო იქნება მოქნილების გამოჩენა. ულტიმატუმის ენით საუბარი მდგომარეობას უფრო გაართულებს.

22 ოქტომბერი - ვენერა-იუპიტერის ტრინის პიკი იქნება (გავლენა: 17-27 ოქტომბრის შუალედი). ეს სასიკეთო პერიოდია ფინანსური და საერთოდ, მატერიალური საკითხების მოგვარებისთვის, ახალი შემოსავლის წყაროს მოძიებისთვის, ფინანსური ანალიზის ჩატარებისთვის და ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. ეს სასიკეთო დროა შემოქმედებითი ენერგიის რეალიზაციისთვის, სხვადასხვა ინსტანციებთან კომუნიკაციისთვის და იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. მით უმეტეს, რომ 22 ოქტომბერი ასევე იქნება მერკური-სატურნის პიკი (გავლენა: 19-25 ოქტომბერი). ამ დროს ადამიანის აზროვნების პროცესი მოწესრიგებული და კონსტრუქციულია. ინტელექტუალური სამუშაო იოლად მიდის და სწავლის დაწყება-გაგრძელება უპრობლემოდ ხდება. აქედან გამომდინარე, ასევე სასიკეთოა კონფერენციების, ტრენინგების, სემინარებისა და ლექციების ჩატარებაც,“ - წერს ასტროლოგი.