სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს
1767695804
როგორია გრიპის ვირუსის მაჩვენებლები და ვაქცინაცია საქართველოში - თემაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა. ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი კვლავ ცირკულირებს, ძირითადად კი - ჰონკონგის ვირუსი.
მისი განცხადებით, 52 კვირის მონაცემებით, მიმართვიანობა მაღალია, თუმცა არ არის პიკი. ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე, მიმართონ ექიმს.
"ჯერჯერობით, ქვეყანაში გრძელდება გრიპით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ძირითადად ეს არის H3N2 ტიპის ვირუსი და, მიმართვიანობის თვალსაზრისით, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარულ დაწესებულებებში ყველაზე მაღალი ციფრისათვის, პიკისათვის ჯერჯერობით ამ მონაცემებს არ მიუღწევია, მაგრამ, შარშანდელთან შედარებით, მაინც მაჩვენებელი შედარებით მაღალია.
რისკჯგუფებისთვის, გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია, ვინაიდან ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა. ანტივირუსული საშუალება ძალიან ეფექტურია გრიპის ყველა ფორმის შემთხვევაში, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს. ეს პრეპარატი არ უნდა იყოს დანიშნული მშობლის ან მოზრდილი ადამიანის პაციენტის მიერ. ამ პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ექიმი იღებს, ვინაიდან მას თავისი გვერდითი მოვლენები გააჩნია, ისევე, როგორც ყველა პრეპარატს და ეს არ არის სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაინიშნოს", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.