მნიშვნელოვანი ცვლილება იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობაში - ინფორმაცია ემიგრანტებისთვის

იტალია

მნიშვნელოვანი ცვლილება იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობაში — უფასო იურიდიული დახმარება უცხოელებისთვის ავტომატურად აღარ გაიცემა - ამის შესახებ იტალიაში დიასპორული მედიის, aprioritv-ის დამფუძნებელი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს

„2026 წლის 24 თებერვალს მიღებული №23 დეკრეტით, იტალიის მთავრობამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა მიგრაციული პროცესების მართვისა და საერთაშორისო დაცვის პოლიტიკა. ცვლილებები პირდაპირ ეხება იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში დეპორტაციის ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ცდილობენ.

რა შეიცვალა უფასო იურიდიულ დახმარებაში (Gratuito Patrocinio)?

აქამდე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ასაჩივრებდნენ გაძევების (espulsione) გადაწყვეტილებას, შეეძლოთ ავტომატურად ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადვოკატით — შემოსავლის წინასწარი შემოწმების გარეშე.

ახალი წესით:

ავტომატური უფასო იურიდიული დახმარება გაუქმებულია

უცხოელმა მოქალაქემ, ისევე როგორც იტალიის მოქალაქემ,
ახლა უნდა დაადასტუროს საკუთარი დაბალი შემოსავალი

აუცილებელი იქნება შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რათა სახელმწიფომ დაფაროს ადვოკატის ხარჯები ანუ, თუ ემიგრანტი მიიღებს ქვეყნიდან გაძევების ბრძანებას და გადაწყვეტს მის გასაჩივრებას სასამართლოში — უფასო ადვოკატი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაენიშნება, თუ დაადასტურებს, რომ მისი წლიური შემოსავალი კანონით განსაზღვრულ ზღვარზე დაბალია.

ეს ცვლილება ეხება მათ შორის იმ პირებსაც, ვისაც აქვს:

Permesso di soggiorno per richiesta asilo

დაცვის სხვა ფორმებზე მიმდინარე პროცედურა

ახალი ვალდებულება დაკავებული უცხოელებისთვის

დეკრეტის მიხედვით, დაკავებულ ან სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეებს ევალებათ აქტიური თანამშრომლობა საკუთარი იდენტობის დადგენის პროცესში.

მათ უნდა წარადგინონ:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ

მიგრაციული მარშრუტი

ტრანზიტული და წინა საცხოვრებელი ქვეყნები

აღნიშნული ინფორმაციის არწარდგენა ან თანამშრომლობაზე უარი ჩაიწერება პირად საქმედ და შესაძლოა გავლენა იქონიოს საქმეზე საბოლოო შეფასებისას.

CPR ცენტრების გაძლიერება 2028 წლამდე

დეკრეტი ასევე ითვალისწინებს:

დეპორტაციის მოლოდინის ცენტრებში (CPR) ინფრასტრუქტურის გაფართოებას

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას

ახალი ცენტრების მშენებლობისა და არსებული დაწესებულებების რეკონსტრუქციის დაჩქარებას

ბიუროკრატიული პროცედურების ნაწილობრივ გამარტივებას 2028 წლის 31 დეკემბრამდე

მიუხედავად გამარტივებული პროცედურებისა:

უცვლელი რჩება სისხლის სამართლის კანონმდებლობა

მოქმედებს ანტიმაფიური რეგულაციები

დაცულია ევროკავშირის ხელშეკრულებები

პროცესის გამჭვირვალობას გააკონტროლებს იტალიის ანტიკორუფციული სააგენტო (ANAC), რომელიც ჩართული იქნება ტენდერებისა და სამუშაოების შესრულების მონიტორინგში.

 რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში ემიგრანტებისთვის?

AprioriTV-ის აუდიტორიისთვის ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან:

გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრება უფასოდ აღარ იქნება ავტომატურად შესაძლებელი

საჭირო გახდება შემოსავლების ოფიციალური დადასტურება

იდენტობის დამალვა ან თანამშრომლობაზე უარი შეიძლება უარყოფითად აისახოს საქმეზე

სახელმწიფოს მიზანია დეპორტაციის პროცედურების დაჩქარება და კონტროლის გამკაცრება

დეტალური სამართლებრივი ინფორმაციისთვის და პრაქტიკული ინსტრუქციებისთვის ეწვიეთ:
aprioritv.com 

ოფიციალური წყარო: laleggepertutti.it“, - წერს ხათუნა შარაძე.