მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის - ვის და რა შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ 100-პროცენტიანი დაფინანსება

სტუდენტები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო — პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ

„როგორც მოგეხსენებათ, 2026-2027 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ეს ნიშნავს, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო.

იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან უზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას.

ეს მიდგომა გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება.

აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ თუ სტუდენტი, 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ, აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.