მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კირცხალიამ გაავრცელა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამ საკითხზე მმართველ გუნდს აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს.

✕