გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1782120407
საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი, თემურ უგულავა გარდაიცვალა. ის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სიმსივნეს ებრძოდა და მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.
56 წლის ბიზნესმენის სახელს უკავშირდება საქართველოში სტუმარმასპინძლობის და აგროწარმოების სფეროს განვითარება. მის მიერ შექმნილმა პროექტებმა თბილისისა და ქვეყნის ტურისტული და კულტურული სივრცე მნიშვნელოვნად შეცვალა.
მიუხედავად უზარმაზარი წარმატებისა, თემურ უგულავა საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდებოდა და ინტერვიუებსაც თითქმის არასოდეს აძლევდა.
Gulf Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თემურ უგულავას გარდაცვალებას და წერს: „მისი სახელი ნამდვილად შევა ისტორიაში, როგორც ნოვატორის, უახლესი სტილის და ტრენდის დამაარსებლის, ქვეყნის დიდი პატრიოტის და რაც მთავარია სიკეთის გამავრცელებლის".
ოჯახს სამძიმარს ასობით ადამიანი უცხადებს. ბევრი აღნიშნავს, რომ მისი სახელი არა მხოლოდ წარმატებულ ბიზნესთან, არამედ, უბრალო ადამიანობის, თანადგომის მაგალითებთან ასოცირდება.
„დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. მისი პროექტები კიდევ დიდხანს მოჰყვება მის ისტორიას“;
„მშვიდობით, ადამიანო, რომელმაც ბევრი რამ შეცვალე უკეთესობისკენ“;
„მისი კვალი დარჩება ქალაქებში, შენობებში და იმ იდეებში, რომლებიც მომავალ თაობებს შთააგონებს";
„დიდებული ადამიანი“;
„ძალიან მაგარი ადამიანი დააკლდა ქალაქს. თემოს სიკეთე, ადამიანებისადმი თანადგომა და უანგარო დახმარება ბევრისთვის დაუვიწყარია“;
„რამდენი კარგი მსმენია ხალხისგან... ერთ-ერთი ძალიან უბრალო ადამიანი, საწყენია“.- წერენ სოციალურ ქსელში.