მიხეილ ყაველაშვილი: მინდა ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილმა მოციგურავეებს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა.

„მინდა ჩვენი სპორტსმენების, ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო მთელს ერს და საქართველოს. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს - მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და ეს ისტორიული შედეგი დადო ჩვენი ქვეყნისთვის და მართლაც, ალბათ ენით აღუწერელი სიხარულია და კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ და მთელს საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები, იაპონიიდან რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა გერმანიიდან.