„ქარბუქი, შტორმი და ძლიერი ქარი“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1771317504
ევროკავშირი დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ სადამფუძნებლო სხდომაზე ხმელთაშუა ზღვისპირეთის საკითხებში ევროკომისარს დუბრავკა შუიცას გააგზავნის. ინფორმაციას ევრონიუსი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკომისიის პრესსპიკერმა განმარტა, რომ შუიცა 19 თებერვალს ვაშინგტონში დაგეგმილი სხდომის მხოლოდ „სპეციფიკურ ნაწილს“ დაესწრება, რომელიც „ღაზის სექტორს უკავშირდება“. პრესსპიკერის თქმით, შუიცას მონაწილეობა ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერას.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ევროკომისარი არ მიიღებს მონაწილეობას სხდომაში, როგორც „მშვიდობის საბჭოს“ ოფიციალური წევრი.
„ევრონიუსის“ კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი კონტაქტზეა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებთან, რათა მოხდეს „მშვიდობის საბჭოსთან“ თანამშრომლობის კოორდინაცია.
იტალიამ, რუმინეთმა, საბერძნეთმა და კვიპროსმა განაცხადეს, რომ ტრამპის მშვიდობის საბჭოს სადამფუძნებლო სხდომას „დამკვირვებლების“ სტატუსით დაესწრებიან.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ, მიუხედავად ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული კითხვებისა, ევროკავშირს სურს, მონაწილეობა მიიღოს ღაზის სექტორის რეკონსტრუქციაში.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ უარი თქვა ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე.