კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 16 მარტიდან გაუქმდება მეტროსადგურის შეზღუდული გრაფიკის გამო დროებით დანიშნული ავტობუსი N174, რომელსაც მგზავრები „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაჰყავდა და პირიქით.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.
ამასთანავე, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.