1795290000
კიბოს 7 ნიშანი, რომელიც ქალებმა არ უნდა უგულებელყონ
პანკრეასის, იგივე კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, ადრეულ სტადიაზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო მისი პირველი ნიშნები შესაძლოა საჭმლის მონელების ჩვეულებრივ დარღვევას ჰგავდეს.
სპეციალისტები ქალებს მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ შვიდ საყურადღებო სიმპტომს, რომლებიც შესაძლოა დაავადებაზე მიუთითებდეს.
1. საჭმლის მონელების დარღვევა ან მუცლის შებერილობა – შესაძლოა, ადამიანს აწუხებდეს კუჭის გადავსების უსიამოვნო შეგრძნება, მუცლის შებერილობა ან წვის შეგრძნება გულმკერდისა და მუცლის ზედა ნაწილში.
2. ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში ან ზურგში – ტკივილი შესაძლოა მუცლიდან ზურგისკენ გავრცელდეს. ხშირად ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ ან წოლისას, ხოლო წინ გადახრისას მცირდება.
3. წონის უმიზეზო კლება – ადამიანი შესაძლოა წონაში იკლებდეს დიეტისა და ფიზიკური აქტივობის ცვლილების გარეშე.
4. მადის დაკარგვა – შესაძლოა, შემცირდეს საკვების მიღების სურვილი ან ადამიანს გაუჭირდეს საკვების ჩვეულებრივი ულუფის ბოლომდე მიღება.
5. კუჭ-ნაწლავის მოქმედების ცვლილება – შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა ან ყაბზობა. ასევე, შეიცვალოს ფეკალური მასის ფერი და კონსისტენცია - გახდეს ჩვეულებრივზე ღია ფერის ან ცხიმიანი.
6. გულისრევა ან ღებინება – აღნიშნული სიმპტომები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, თუ ხანგრძლივად გრძელდება.
7. კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება – ეს მდგომარეობა სიყვითლის სახელითაა ცნობილი. მას შესაძლოა თან ახლდეს შარდის გამუქება.










