"ხალხი იახტებზე ოცნებობს და მე ასეთი გიჟური ოცნება ამიხდა. კარგად აწყობილი ცხოვრება მივატოვე, 44 წლის ასაკში ამერიკაში ჩამოვედი და..." - გაიცანით ქართველი ტაქსის მძღოლი ნიუ იორკიდან

teona jiqia

ბლოგერი თეონა ჯიქია სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე და  მისი "ტაქსისტი ქალის ისტორიების" კითხვით არაერთხელ გავერთე. წერს ამერიკულ ცის ქვეშეთში თავს "დამტყდარ" თავგადასავლებზე, ყოფით, რუტინულად საინტერესო ამბებზე, იქითურ-აქეთურზე. ტაქსის მძღოლის დღიურების სტილში. მოკლედ, კარგად იკითხება. ბესთსელერების გამოცემა აქვს გეგმაში და მანამდე აუდიტორიას კარგად "ხოდავს", თან ხურდება... თან გამოსდის! 

პროფესიით ექიმი თეონა ხუთი წელია ემიგრანტთა სიაში ირიცხება. ნიუ იორკში ტაქსით დაქრის, ქართული ტემპერამენტითა და უფრო კონკრეტულად, დასავლური ქარიზმითა (ჯიქია) და მარილით, იზიდავს კლიენტურას, ძვირფას "ფესენჯერებს"...

ამონარიდები მისი ფეისბუქ-სტატუსებიდან:

***

ორიოდ წუთის ცხელ-პაჟარა ამბავია.  
Downtown Brooklyn-ში Manhattan-ის მიმართულებით ჩამიჯდა წყვილი. შორიდანვე შევამჩნიე გოგო უგუნებოდ იყო, მსუბუქად რომ ვთქვა. ვაფშე ყველაფრიდან ცეცხლებს ყრიდა. სახე ჰქონდა წესით ჰელოუინმა რომ უნდა დაიპატენტოს, ისეთი. 
ჩასხდნენ და დაიწყო ჩემი და იმ გაჭირებული ბიჭის საზვერეების გავლა!
ქალი  არასოდეს გაჩერდა!!
ტაშტების რახუნი რო წარმოიდგინოთ, ხმის ტემბრი ზუუსტად ისეთი! აუტანლად გაუსაძლისი!
შიგადაშიგ წამოაკივლებდა და ისე იგინებოდა, დიქტაფონი ჩავრთე, მეთქი რეებს ამბობს ბზშვ ვიყო?! ეგი ჩემზე ნავაროჩენად რანაირად იგინება?!
ბიჭი ამშვიდებს თავგამოდებით. რამდენიმეჯერ თავზე ხელის გადასმა სცადა, მიხუტება, დაყვავება:
-ხეეეეეელს ნუუუ მახეეებ, ბინძურო ცხოვეეელოო!!!!! არ მომეკააროოო!!! რა უბედურიიიი ვააააარ!! შეეენ ხარ ჩეეემი სასჯელიიიი!! ნაძირალაააა!!! ესოოოოლ!!! კუტაპწიალააააა!!!!

მოკლედ, სადღაც Park Avenue-სთან, ბალღმა შენ გენაცვალე ერთი აქ სადმე მიმიჩერეო!
კარი გააღო, გადახტა, დაითრია ეს ნაგიჟარი, ქუდზე მიდგმული პომპონჩიკით და სუ ქეჩოთი გადაათრია. ჩექმის წკვინტის ნაგლეჯს ძლივს შევასწარი თვალი.

ტიპმა ქურთუკი გაისწორა, ხელები ჩამოიფერთხა:
- ჩემს სიახლოვეს 100 კმ რადიუსით არ დაგინახო თორემ დედას მო@@@@ვო!!
ჩასკუპტა უკან და წავედითო!!

დედას გეფიცებით, რულს ხელი გავუშვი, მანქანაშივე ფეხზე წამოვუდექი, ტაში დავსცხე და გულწრფელად ვუთხარი:
- შენ ყოფილხარ კაცი, ბიძია ბაბუა!!! საღოლ, ძმის დარდო და გულო!!! აეგრე მაგენის მოდგმას!!

არაფერი ყოფილა გადაფსიხებულ კაცზე ვა-შ-კაცური და სექსუალური საცქერი!!!
მეთქი, დღეს საღამოს რას აკეთებ?!  
პირველად ვიყავი მამრის მხარეს! ტოტალურად და ერთპიროვნულად!!
გაკოცეთ.
სერიიდან "ტაქსისტი ქალის ისტორიები".
გიჟების მაგნიტი ვარ პა ჟიზნი რა...

***

ჭეშმარიტი ნიუ იორკელივით დილის ოთხ საათზე გამოვედი სამუშაოდ.
ახლა უკვე ექვსია…
მე და ჭეშმარიტი ნიუ იორკელი მენაგვე ვართ მხოლოდ….
პიზდეცი აქვს აქაურობას… მაინც რომ იცოდეთ.  
Ghost City

***

 

ბლოგერი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის თავზე უყვება. რაც მთავარია, ის სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს... და ამით სტიმულს აძლევს სხვა ემიგრანტებს.

თეონა ჯიქია: ღუდუშაურის კლინიკაში უმცროს ექიმად შვიდი წელი (მეან-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან) ვიმუშავე. პაციენტებიდან გამომდინარე, ჩემთვის სტრესული სამუშაო იყო. სხვადასხვა სფეროში აღმოვჩნდი. კომპანიებთან დირექტორის პოზიციაზეც მითანამშრომლია. ბუღალტერიაც შევისწავლე, ჩემი ბუღალტერი მეგობრებიც კი გაოცებულნი დარჩნენ ჩემი ახალ აღმოჩენილი უნარით. გორის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ბუღალტერი გახლდით. თბილისში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარი ბუღალტერიც ვიყავი, შემდეგ მეგობრებმა კერძო ბიზნესში მიმიწვიეს და უცხოური კომპანიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მივიღე. ვითანამშრომლე "ოქროს ზარაფხანასთან", "გარდენია შევარდნაძესთან"...

2018 წელს რატომ ჩამოვედი და რატომ დავრჩი ამერიკაში, ამას თვითონაც ვერ ვხსნი. ალბათ, ეს ასე უნდა ყოფილიყო. ეს ის ძალებია, ბედ-იღბალთან მიმართებაში რომ მუშაობენ, რომელსაც ჩვენ ვერ განვაგებთ.

თბილისში, დიდუბეში ვცხოვრობ და ამერიკაში გამომგზავრებამდე, დილაობით, სტადიონზე ვვარჯიშობდი ხოლმე. ვარჯიშის დროს კი ხშირად წარმოვიდგენდი, რომ ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში გავხდი ტაქსის მძღოლი და ვმუშაობ. მგზავრები მომიყვებოდნენ ისტორიებს, მე ამ ისტორიებს ბლოგის სახით დავწერდი და ბოლოს ფოტოს გადავუღებდი. და ჩემს ბლოგს მათ ფოტოებსაც (ბუნებრივია, ნებისამებრ) დავურთავდი.

სხვათა შორის, ფოტოებსაც ვიღებ, გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით. ძალიან მიყვარს ეს საქმე...

მოკლედ, ამერიკაში ტაქსის მძღოლად მუშაობის ფიქრები კოსმოსში ისე მძლავრად გავუშვი, რომ დღეს ამ რეალობის წინაშე ვარ. ხალხი იახტებზე ოცნებობს და მე ასეთი გიჟური ოცნება ამიხდა. არავის სჯერა, რომ ასეთი ავანტიურისტი შეიძლება ვიყო ცხოვრებაში - მივატოვო ძალიან კარგად აწყობილი ცხოვრება, 44 წლის ასაკში გავანულო და ამერიკაში ჩამოვიდე, დავიწყო ყველაფერი თავიდან. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, თავგადასავლებია. ეს ჩემი ცხოვრების წიგნის ერთ-ერთი თავია.

სანამ Uber-ის მძღოლი გავხდებოდი, გავიარე ის გზა, რასაც ემიგრანტთა 90 პროცენტი გადის. იყო უმუშევრობაც და სამშობლოდან ჩატანილი დანაზოგით ცხოვრებაც... ვიყავი ბებოს მომვლელიც, სადღაც ტყეში, ლონგ აილენდში... ირმის ტკიპამ დამკბინა, რაც იწვევს დაავადებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ლეტალურად მთავრდება. მე ალერგიის მძიმე ფორმით გადავრჩი. გადავრჩი და გამოვიქეცი იქიდან. ვიყავი გამყიდველიც. ყველა სამსახური მოვსინჯე. საბუთები დამიგვიანდა, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ ავიღე. შემდეგ ავიღე მართვის მოწმობა და დავჯექი ტაქსიზე.

პირველი ორი წელი საშინელი ნოსტალგია მქონდა, ტირილი, ჯღავილი...

ფრენის შიში მაქვს, აეროფობია. აქეთ რომ მოვფრინავდი, სამი უძლიერესი საძილე აბი დავლიე, სპილოსაც რომ აგდებს - მე ვერ გამთიშა, ჰალუცინაციები დამეწყო. მძიმედ ვიმგზავრე. ჰოდა, ასე ძალიან რომ არ მშინებოდა ფრენის, აქამდე საქართველოში ვიქნებოდი დაბრუნებული.

ერთ წელიწადში ჩემი დაც ჩამოვიდა. აქ არის ისიც. ნოსტალგიური მომენტებიც შედარებით გამინელდა. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები და თან მალე.

ახლა კოლეჯში ვსწავლობ, რომ ამერიკული ბუღალტრის სერტიფიკატი ავიღო, შემდეგ, როგორც მომესურვება, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან რომ ვიმუშაო...

***

აქ საკუთარი თავი გავიცანი. ავზომე ჩემი შესაძლებლობების ამპლიტუდა. პარკეტზე გაზრდილი გოგო, ამ ქვის ჯუნგლებში ჩამოვედი. იყო მომენტი, თავსაც ვიგვემდი, რა მინდა, ფუ, სად ვარ?!.. თავს საკუთარ თავში ვაკნინებდი. მერე ერთმა გონიერმა მითხრა, ბევრი გინახავს ასეთი ძლიერი, 44  წლის ასაკში მიეტოვებინოს სამშობლოში ყველაფერი, ჩამოსულიყოს ამერიკაში და ყველაფერი ნულიდან თავიდან დაეწყოსო?

აქ ყოფნისას ჩემი თავი დავაფასე, შევიყვარე და დღეს უკვე ვამაყობ საკუთარი თავით. მე აქ საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე. ამას ბევრმა გარემოებამ შეუწყო ხელი. მათ შორის, არასწორმა ორმა დისტანციურმა პირადმა ურთიერთობამ. დისტანციურ ურთიერთობას ჩემთვის აზრი არ აქვს, ნონსენსი და სისულელეა. მოკლედ, ბევრმა რამემ გამაძლიერა. პირადი საზღვრების დაცვა, სხვისი პატივისცემა მასწავლა. პიროვნულად, მენტალურად გამზარდა.

ამერიკამ მეტი სითამამე მომცა. ვწერდი ყოველთვის, მაგრამ ასე თამამად, როგორც ახლა ბლოგებს და სტატუსებს ვწერ, ალბათ, ვერა. აქ დიდი მასშტაბია, დიდი სივრცეა და რაოდენ ძნელი გასავლელი გზაც არ უნდა იყოს, მართლა დიდი შესაძლებლობების მომცემი ქვეყანაა.

გავიხსენებ ქართველი მძღოლის ამბავს, ნიუ იორკში რომ შემხვდა და მომიყვა: ზვიადის დროს სასიკვდილოდ გაიმეტეს ჩემი შვილი, რადგან ის ზვიადის და მერაბ კოსტავას მხარდამჭერი იყოო... ოცდაათი წელია ამერიკაში ვარ და გული ისე მატკინეს, საქართველოში არასდროს აღარ დავბრუნდებიო. იტირა... ამხელა კაცს მდუღარე ცრემლები სდიოდა, ისე მენატრება სამშობლოო... მეტირება. საშინლად გულნატკენი იყო. ეს ამბავი მაშინ ფეისბუქზე დავწერე, მახსოვს, გამომწერები შოკში ჩააგდო ამ ემიგრანტის გულისტკივილმა...

ჰოდა, მაშინ ამ კაცმა მირჩია: არც იფიქრო უკან დაბრუნებაზე, შენ ეს ქვეყანა უნდა დაიპყროო, დიდ შესაძლებლობებს მოგცემსო.

***

ვარ ამ ამერიკულ ორომტრიალში... იცით, როგორი ქვეყანაა? უცებ გაგახარებს, ას დოლარს გამოიმეტებს, მაგრამ იქვე 99 შეიძლება უკან წაიღოს, შეიძლება მეტიც გააყოლოს თან. ასე, უცერემონიოდ, უპროგნოზოდ...

ამ დროს მე, ზოდიაქოთი ტყუპებს, შემიძლია მოვალხინო და არ მოვაწყინო საკუთარი თავი. საკუთარ თავთან მარტოც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვანცობთ ბალღივით მე და ჩემი მეორე მე.

მიყვარს ადამიანებისთვის კარგი განწყობის შექმნა. როდესაც მე ვარ ცუდ ხასიათზე, სოციუმს ვერიდები ხოლმე.

ვრთავ "ლაივებს"... მაშინაც თუ რაიმე სახიფათოა გზებზე, ვაფრთხილებ შავ უბნებზე, სასაფლაოებზე, მისტიკურ ადგილებზე...

ერთხელ ჩამიჯდა ფერადკანიანი გოგონა, ნარკოტიკული თრობით და დანით ჩამილეწა მანქანის სალონი. აგრესიული იყო, არავინ იცის, რატომ... მახსოვს, "ლაივი" ჩავრთე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფეისბუქზე ვწერ ყველანაირ ისტორიას, მოსაწყენი რომ არ იყოს; ჩემს მგზავრებზე, ირგვლივ ნანახზე...

შინ ისე დაღლილი მივსულვარ, სტატუსის წერა დამიწყია და რამდენჯერ ტელეფონი, ჩაძინებულს, ცხვირის ძგიდეზე დამცემია.

ძილის წინ რაზე ვფიქრობ და ბანალურ თემაზე, დაღლილზე რუტინული ფიქრები მოდის - იქნება თუ არა მუშაობა? ხვალ რამდენს ვიშოვი? გადასახადების გადახდა რომ შევძლო. წარმოსახვით ცხოვრებაზე მაშინ ვფიქრობ, თუ დაღლილი არ ვარ და მშვიდი გარემოდან დავბრუნდი.

***

არ ვთვლი, რომ მოსაწყენი ტიპი ვარ, მაგრამ ყველაზე მოსაწყენი ჩემს ცხოვრებაში ჩემი პირადი ცხოვრებაა. რატომღაც ასე აეწყო. ჩემს პრინციპებს დავარქმევ, თუ რატომღაც არ შემხვდა "ის",  „მხოლოდ ჩემი“ (ფეისბუქზე რომ აწერენ ფოტოებს).

სიყვარული, ბევრი წლის წინ, მხოლოდ ერთხელ მეწვია. ის უკვე დაოჯახებული იყო და საკუთარ თავთან ბრძოლების და ნერვების ფასად, შევძელი ეს ურთიერთობა დაგვესრულებინა. ისევ ჩემი დიდი ძალისხმევით.

ახლა მოყოლისას ვაანალიზებ, ღმერთო ჩემო, როგორი მოსაწყენი პირადი ცხოვრება მქონია.

ამასწინათ ფეისბუქზე ვიხუმრე:

ოშმ (ოჯახის შექმნის მიზნით) ან/და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის (ნერვების ძაძღვის გარეშე) ვეძებ მამაკაცს:
სიმპათიურს. შავგვრემანს. სასურველია მწვანე ფერის თვალით. მტკიცე ხასიათით, რომელსაც ჩემთან შეარბილებს, უფრო სწორად, მთლად დაალბობს რძეში ჩამბალი პურივით. იუმორის "ფანტანით". ხეტიალის მოყვარულს. თოვლის ბაბუასავით კეთილს. ბრუნეის სულთანივით მდიდარს. ჟერებეცივით ამტანს. სირანო დე ბერჟერაკივით შეყვარებულს. მოდილიანივით არტულს. ბაირონივით რომანტიკულს. ჰასკივით ერთგულს. მთასავით ძლიერს. რკინა-ბეტონივით საყრდენს. უოლ სტრიტის ბირჟასავით საიმედოს. კრიპტო ვალუტასავით წარმატებულს. თურქი მსახიობი კაცივით სექსუალურს. ყავასავით არომატულს. გალიანოს სახლივით გემოვნებიანს. გორდონ რამზივით სამზარეულოს გურუს. ლეკვივით მორჩილს. მექსიკელივით დაუზარელს - ეს მივწერე "პადრუგას".

ვიხალისეთ. მერე რომ გადავხედე, ასეთ ადამიანზე, აბსოლუტურად არ ვიტყვი უარს. მაგრამ უნდა გამოვტყდე, "ქალურ თემებში" ისე მოვისუსტებ. იქით რომ მე ვინმე მოვძებნო და ამაზე ვიმუშაო, ჯვარი სწერია. მე თუ თვალში არ მთხარეს, ყურადღებას არ ვაქცევ. მარტივად გეტყვით დედაჩემისგან ჩემს შეფასებას. მე და ჩემი დაქალები სადმე რომ წავიდოდით, უკან მოსულს მეტყოდა: რა ქენით, ათი კაციდან ყველა შენი ძმა იყო და იმათ ყველა ეპრანჭებოდა, ხო? ასეთი ვარ, ძმაკაცური... ამ დროს ჩემმა დაქალებმა იცოდნენ თქმა, მე ამის ცოლი უნდა გავხდეო და ასეც იქცეოდნენ. ეს ჩემგან შორსაა.

გულწრფელად ვაღიარებ, რომ 49 წლის ასაკში (ღმერთო, ჩემო!) სერიოზული,  სრულფასოვანი ურთიერთობა არ მქონია. იმედია, რომ მოვასწრებ და მექნება. ჯერჯერობით, ამ ხუთი წლის მანძილზე, ამერიკაში ვერავინ მომხიბლა.

***

საქართველოში აუცილებლად უნდა დავბრუნდე. მწვანე ბარათი არ მაქვს და შესაბამისად, არც არჩევანის საშუალება - საბოლოოდ სად მინდა უკვე დაფუძნება. ბევრს უთქვამს, რომ დაბრუნდე, ერთ თვეში ყმუილს დაიწყებ და უკან გამოქცევა მოგინდებაო. იცვლება ცხოვრების რიტმი, მენტალიტეტი, აზროვნება. ახალ რელსებზე ვეწყობით ემიგრაციაში ცხოვრებისას. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში დავბრუნდები, რაც მალე, მით უკეთესი.

წელიწად-ნახევრის წინ, მამა გარდამეცვალა ისე, რომ ვერ დავემშვიდობე. ამაზე მშვიდად ვერასდროს ვლაპარაკობ და დანაშაულის გრძნობა, ალბათ, სულ მექნება, მთელი ცხოვრება... მინდა დედაჩემთან ერთად ვიყო. უნდა ჩამოვიდე...

ამერიკაში წამოსვლამდე ვეძებდი ტერიტორიებს, მაგალითად, ფერმისთვის. მაშინ არ იყო მსხვილი დაფინანსება, რომ მე მარტოს გამეკეთებინა ფერმა.

გომბორის გზაზე  ულამაზესი ტერიტორია ვნახე, წყალსაცავით. მინდოდა ტეხასური რანჩოს სტილში სასტუმრო-სახლის აშენება. ეს გეგმა თან დამყვება გონებაში. 

და კიდე მინდა დიდი კომპლექსის აშენება უპატრონო ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის, ასევე უპატრონო ძაღლებისთვის. ერთმანეთზე იზრუნებდნენ და ერთმანეთის სიყვარულს ისწავლიდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს სურვილი ბევრს აქვს.

მაშფოთებს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენზე მეტნი უცხო ტომის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ამ მხრივ სიმშვიდის გრძნობა არ მაქვს. ანარქისტი ვარ, ყველა მთავრობას ვებრძვი, მაგრამ ჩემი ქვეყნის უპირობო სიყვარული მამოძრავებს.

ამ ჩემს მოგზაურობაზე, ჩემში პატარა ბავშვის გასეირნებას დიდ დისნეილენდში, თავთან დაბრუნებაზე, თავის შეცნობაზე - წიგნსაც დავწერ. მონახაზები მაქვს.

პირველად ვამბობ ამას ხმამაღლა - ჩემს თავთან და მფარველ ანგელოზთან პირობა დავდე, რომ ხუთი ბესთსელერი უნდა დავწერო. საიდუმლო გაგანდეთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა

"ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა, რადგან მან იცოდა, რომ ბუბა უმისოდ ვერ გაძლებდა. ირინა კი ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი“ - ლეგენდის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზე