„ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა, რადგან მან იცოდა, რომ ბუბა უმისოდ ვერ გაძლებდა. ირინა კი ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი“ - ლეგენდის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

buba

ეპოქალური ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 15 იანვარს გარდაიცვალა, 19-ში, ნათლისღების დღეს კი, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...

ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა...

"სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.

არტისტის ცოლს, ირინა ქებაძეს ჭკვიან და დიპლომატ ქალად ახასიათებენ. ის ბალერინა გახლდათ. მისი და ვახტანგ კიკაბიძის 55 წლიანი ოჯახის საიდუმლოდაც, მისი მეუღლის გამჭრიახობას მიიჩნევენ. ხმაურიანი კარიერის მქონე ბუბას გვერდით ცხოვრება, ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ფაქტია, ირინამ, არტისტის ავანტიურებითა და ბობოქარი პასაჟებით სავსე ცხოვრებას, გაუძლო.

ბუბასა და ირინაზე გთავაზობთ სტატიას, რომელიც სააგენტო fintif.ru-მ გამოაქვეყნა და მკითხველს წყვილის გაცნობის ისტორია გაუზიარა.

***

არტისტისა და ოპერის თეატრის პრიმა ბალერინის გაცნობა ბუდაპეშტში, ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა. საღამოობით იყო შეკრებები, მხიარულება გემრიელი ღვინის თანხლებით… ერთ-ერთი შეკრების დროს ქუჩიდან საშინელი ხმაურის და საბურავების ჭრიალის ხმა შემოვარდა. ყველანი გარეთ გაცვივდნენ და უპატრონოდ მიგდებული მანქანები დაინახეს. ამ დროს ვახტანგ კიკაბიძემ შიშისაგან თვალებგაფართოვებული ირინა დაინახა, უცებ ჩაიხუტა, მიიზიდა და იგრძნო, შიშისგან როგორ თრთოდა ქალი. მას შემდეგ ხელი აღარ გაუშვია და მის დამცველად, მზრუნველად და დამამშვიდებლად ითვლებოდა.

იმ დროს ყველა მსოფლიო გადატრიალებაზე ფიქრობდა, პანიკა ჯონ კენედის მკვლელობის გამო იყო ატეხილი.

1965 წელს ირინა ქებაძე და ვახტანგ კიკაბიძე ცოლ-ქმარი გახდნენ. მანამდე ირინას ქმარი სახალხო არტისტი, გურამ საღარაძე იყო. მათ უკვე შვიდი წლის გოგონა – მარინა საღარაძე ჰყავდათ. მას შემდეგ ბუბას მარინა საკუთარი შვილივით, კონსტანტინესავით უყვარდა.

ახალბედა ოჯახი ირინას მშობლებთან ერთად, ნახევრად სარდაფის ტიპის ოროთახიან, პატარა ბინაში ცხოვრობდა. სამამრს და სიდედრს ვახტანგი უყვარდათ და მაშინაც კი, როცა საქვეყნოდ ცნობილი სიძე შინ გვიან, ნაქეიფარი ბრუნდებოდა, სცენებს არ უწყობდნენ.

არტისტი გამოტყდა, რომ ახალგაზრდობაში არც ერთხელ არ გაუბრაზებია ცოლი უყურადღებობითა და მეგობრებთან ერთად დროსტარებით, ასევე არამოტივირებული ეჭვიანობით, რისგანაც მერე დროდადრო გათავისუფლდა და მიხვდა, თუ როგორ უყვარდა ცოლს.

როდესაც ირინას სამშობიარო სახლში უთხრეს, ვაჟი გაგიჩნდაო, უთქვამს – ბუბას ძალიან გაუხარდებაო. მამას ვაჟის დაბადებამ ძალიან გაახარა. რესტორანში აღნიშნა მემკვიდრის დაბადება. ვაჟს კი ვახტანგის მამის სახელი, კონსტანტინე დაარქვეს, რომელიც მეორე სამამულო ომიდან აღარ დაბრუნებულა.

კონსტანტინეს მამის სახელი და დიდება იმდენად აწუხებდა, ბავშვობაში, მშობლებზე დასაწერ თემაში დაუწერია, რომ მამა ომში დაეღუპა, დედა კი დარდს გადაჰყვა. მარინა პირიქით, საშინლად ამაყობდა ბუბათი, ხელიდან არ უშვებდა შანსს, რომ კულისებში მასთან ერთად ყოფილიყო. მსახიობის პროფესიაც მისი სიყვარულით აურჩევია.

კონსტანტინემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ახლა ტორონტოში ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესი აქვს.

მრავალწლიანი ოჯახის საიდუმლოებად არტისტი ორმხრივ პატივისცემას ასახელებს. როცა ოჯახში პატივისცემაა, ოჯახიც მყარად არსებობს. წყვილი მუდმივად ფიქრობდა ერთმანეთსა და იმ ადამიანებზე, ვინც მათ გვერდით ცხოვრობდა.

ერთად ხუთ ათეულ წელზე ბევრი გაატარეს. მათი სიყვარული წლებმა ვერ გაახუნა. ბოლოს არტისტი წუხდა, რომ ყოველდღე ყვავილის მირთმევის საშუალება არ ჰქონდა ცოლისთვის. სამაგიეროდ, სახლში თუ ცოტა ხანს ვერ გაიგონებდა ირინას ფეხის ხმას, მაშინვე მიდიოდა გაეგო, ხომ ყველაფერი რიგზე აქვს საყვარელ მეორე ნახევარს. ასევე იქცეოდა ირინაც…

როდესაც 1979 წელს ვახტანგ კიკაბიძეს მოსკოვის ჰოსპიტალში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ირინა არა მხოლოდ მას უვლიდა, არამედ სხვა პაციენტებსაც, ვისთანაც ახლობლები მოსვლას ვერ ახერხებდნენ. ბევრი მოსკოველი არ იყო, ირინა კი მათ თხოვნას ასრულებდა და ბაზრიდან მოჰქონდა ხაჭო, ხილი, თევზი… ეს ფაქტი ვახტანგს არც აოცებდა, ცოლზე ამბობდა, მას სხვაგვარად არც შეუძლიაო.

ვახტანგ კიკაბიძეს ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა გაენაწყენებინა არათუ ცოლი, ზოგადად – ადამიანი. მით უმეტეს, ღალატითა და გაცემით. ის ქალში არა მხოლოდ სილამაზეს, ჭკუას აფასებდა. ჩანს, რომ მათი ოჯახის მრავალწლიანი ისტორიის საიდუმოებაც ეს გახლდათ.

ბუბამ ცოლს მიუძღვნა სიმღერა, სადაც ასეთი სიტყვებია: ჩემო ძვირფასო. ჩემი შვილების დედავ, ჩემი შვილიშვილების ბებიავ. განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო, რომ შენი ცრემლები არ დავინახო. ირინას ამ სიმღერის შესრულება აუკრძალავს მისთვის, რადგან მასში ბებიად მოიხსენიებს.

პირველი ირინა წავიდა... თუმცა საყვარელი მეუღლის გარეშე ცოტა ხანი გაძლო. 2023 წლის 15 იანვარს ლეგენდარული ბუბაც შეუერთდა მარადისობას...

***

ირინა ქებაძის მეგობარი გახლდათ ლეგენდა სახელად ნანი ბრეგვაძე. ის "პრაიმტაიმთან" ბუბას საყვარელ ქალს იხსენებს.

ნანი ბრეგვაძე: ბევრი და გადასარევი მეგობრები მყავდნენ, მათ შორის, მოწინავე ადგილი ეჭირა ირინას. გეფიცებით, ჩემს ცხოვრებაში, ის იყო საუნჯე. მისთვისაც ჯუგა გუდიაშვილის შემდეგ, მე ვიყავი უახლოესი მეგობარი.

როდესაც ბუბაზე და ირაზე მეკითხებოდნენ, მაშინვე ირას დიდებულება ამოტივტივდებოდა ჩემს წარმოსახვაში.

ბუბას მოსკოვში ჰყავდა დირექტორი, მომღერალი ვალერია და მას აქვს ჩემთან ირინაზე ნათქვამი, ასეთ ჭკვიან ქალს იშვიათად შევხვედრივარო.

სიტუაციების უბადლო დამლაგებელი გახლდათ.

"ორერას" პერიოდში, მე და ირინა, ხუთი წელი, მოსკოვში, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ბუბა სულ გადაღებებზე იყო.

მე ნოსტალგიის ძლიერი შემოტევა მქონდა და ირინამ გადამატანინა. განცდებში ვიყავი. მერე ჩემზე ამბობდნენ, მოგზაურობა არ უყვარსო. როგორ არ მიყვარს, მაგრამ ოჯახი, ახლობლები და სამშობლო მენატრებოდა. ძალიან განვიცდიდი. ეს "ორერას" ბიჭებმა კარგად იცოდნენ.

თუ იყო საშუალება, განსტროლებზე სულ დამყავდა ჯერ ეკა, შემდეგ შვილიშვილები, დედა.

როდესაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, გასტროლების დროს, დიდ ქალაქებში აპარტამენტებს მაძლევდნენ. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ირა, ნოსტალგიური შემოტევების დროს, ძალიან დამეხმარა. მამხნევებდა – ნუ აქცევ ყურადღებას, ეს უნდა გაიარო, გადაიტანოო, მეუბნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი.

იცით, რა სიცოცხლით სავსე იყო?! ყველაფერს ასწრებდა ეს პატარა ქალი. მოგეხსენებათ, ბალერინა იყო. სახასიათო როლებს აძლევდნენ. მახსოვს, “ექიმ აიბოლიტში” ისეთი კარგი იყო…

ბუბას, იცით, რამდენჯერ შესთავაზეს მოსკოვში დარჩენა? რა მინდა იქო, ამბობდა.

არაჩვეულებრივი ცოლქმრობა ჰქონდათ. ბუბა ისეთი პოპულარული იყო და ისეთი შარმი ჰქონდა, ვინ გააჩერებდა? მასზე ქალები ჭკუას კარგავდნენ. მაგრამ ირინას იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ არ ეეჭვიანა. ისე წაიყვანა ურთიერთობა, რომ ბუბას გახსნილად ალაპარაკებდა და მერე, ან იმ ქალს იცავდა, ან ისხდნენ და ერთად იცინოდნენ. მიყვებოდა, ბუბა რომ მეტყვის ვიღაც ქალზე, მეცოდებაო, იმ წუთს ვხვდები, რომ იქ "რაღაცაში" იყო საქმეო. თან იცინოდა ირა და მეუბნებოდა, მთავარია, ზღვარს არ გადავიდეს ეს გართობა, თორემ როგორ დავუშლიო. ბუბას ირინასგან დიდი თავისუფლება ჰქონდა. რადგან იცოდა, რომ ბუბა მის გარეშე ვერ გაძლებდა. ირინა ის ქალი იყო, რომელსაც ვერ მიატოვებდი.

მე ბუბას პირშიც ვეუბნებოდი, თუ რამ კარგი აქვს გაკეთებული, ეს ირას დამსახურებაა. თუ რამ შეცდომა აქვს დაშვებული, ეს მაშინ, როდესაც მის გვერდით ირა არ იყო…

ბუბა უკონცერტოდ ვერ ძლებდა. ბოლომდე გასტროლებზე დადიოდა. ირას ვეუბნებოდი, რა დროს მაგის გასტროლებია-მეთქი. ის კი მპასუხობდა, ნანი, ეგ რომ ავუკრძალო, მოკვდებაო...

ასევე ნახეთ:

გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზე

"საცოლე თვალწინ მოუკლეს, გოგონა გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს...“ - საინტერესო ფაქტები სერგო ფარაჯანოვზე, რომელიც დღეს 100 წლის გახდებოდა

12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა