კანცელარიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - რა გეგმები და მოლოდინები აქვთ აქტივისტებს

კანცელარია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. იქ ღამე რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა გაათენა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შეეცდებიან მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მთავრობას.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. აქტივისტების თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ  დაიწყება დაკავებები. მოსალოდნელ დაკავებებზე და აქტივისტების მოთხოვნებზე "კურიერთან" "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა ნოდარ რუხაძემ ისაუბრა:

„ჩვენი მოთხოვნა და გეგმები არის უცვლელი, ჩვენ ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მოღალატეობრივი მთავრობის გადადგომას და ეროვნული თანხმობის დანიშვნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნება არ არის ხელისუფლება, რომელიც შემდეგი 6 თვის განმავლობაში შეასრულებს ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებს. ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და შემდეგ ეროვნული თანხმობის მთავრობით ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეფორმას.

ჩვენ დავრჩით კანცელარიასთან, ყველაზე ლოგიკურია იმ ადგილთან კონცენტრირდე სადაც შენი მოთხოვნის ფორმალური ადრესატი იმყოფება. ახლა ვცდილობთ, რომ ჩვენი ხმაურით მივაწვდინოთ ამ ადამიანებს ხმა. დარწმუნებული ვარ ისინი მალე მოვლენ და მოუწევთ ჩვენ გავლა. ჩვენთან რამდენიმე წუთის წინ მოვიდა სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელმაც პირდაპირ გვითხრა, რომ თუ აქცია 5 წუთში არ დაიშლება, ყველას დაგვაკავებს.

ჩვენი საინფორმაციო კამპანია შინ ევროპისკენ გრძელდება, აუცილებლად გახდება ცნობილი შემდეგ რეგიონებში გასვლითი ღონისძიებები, შეხვედრები, სტუდენტები არიან ძალიან აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში, ასე რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს რუსთაველზე გამოსული 160 ათასი ადამიანი, ჩვენ ვნახეთ გუშინ და 24 რიცხვში გამოსული ადამიანები, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს იმას რომ ადამიანები არიან უკმაყოფილო," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.