ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა

წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.7 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაცაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-3.1 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-0.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-1.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), თევზეული (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.1 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.