ირაკლი ნატროშვილი: სამედიცინო პროფესიებში დღეს ექიმების რაოდენობაში დეფიციტი არ არის, ჩვენ ვიწრო სპეციალობებში გვაქვს პრობლემა, აუცილებელია სარეზიდენტო პროგრამებზე მუშაობა

ირაკლი ნატროშვილი

ბაზრის კვლევა ჩატარდა, რათა სახელმწიფომ განსაზღვროს, რომელ პროფესიებში არის დეფიციტი და რომელში პროფიციტი, შესაბამისად, ამ ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია, რომ ახალგაზრდებს ურჩიო, რომელ პროფესიაში გვჭირდება მეტი სპეციალისტი და რომელში ნაკლები, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის იცოდნენ, რომელია მოთხოვნადი პროფესია.

„გზამკვლევი არის მათთვის, თუ რომელი პროფესია აირჩიონ. რაც შეეხება უშუალოდ სამედიცინო პროფესიებს. სამედიცინო პროფესიებში დღეს დეფიციტი ნამდვილად არ არის ექიმების რაოდენობაში. აქ პრობლემა იმაშია, რომ ვიწრო სპეციალობებში გვაქვს პრობლემა, ამაზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება დაფინანსებას, სტუდენტის განათლების დღევანდელი დაფინანსება 2 250 ლარი, არ არის რეალურად საკმარისი მაღალი ხარისხის განათლებისთვის, ამიტომ სახელმწიფო გვეუბნება, რომ დააფინანსებს უნივერსიტეტის საჭიროებას. აუცილებელია სარეზიდენტო პროგრამებზე მუშაობა. უცხოელ სტუდენტებს რაც შეეხება, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის ის კვოტა, რომელიც მოთხოვნილია ბოლონიის პროცესით. ეს არის დაახლოებით 5% მთელი კვოტიდან“, – განაცხადა ნატროშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარადგინა.