ირაკლი ბენდელიანი: კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და ის, რასაც მერია სთავაზობს და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს

ირაკლი ბენდელიანი

აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან, დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დადასტურდა მეორე გარდაცვალების ფაქტი.

„აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან. დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და ის, რასაც მერია სთავაზობს და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს. როდესაც ავარიულია შენობა-ნაგებობა და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ყველა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ ყველაფერს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია ყველას სთავაზობს ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, ჩვენ უზრუნველვყოფთ გადავიყვანოთ სასტუმროებში ეს ხალხი, დროებითი საცხოვრებლით დავაკმაყოფილოთ, მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, ახალი სახლების კორპუსების მშენებლობა და გარემონტებული ფორმით გადავცეთ ეს მაცხოვრებლებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ეს უბედური შემთხვევა მაინც ავიღოთ მაგალითად, რათა მომავალში ავიცილოთ აღნიშნული ფაქტები“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.