ინტერვიუ აკადემიკოს ლევან ჯაფარიძესთან

ჯაფარიძე

თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი წარმოუდგენელია ფუნდამენტური მეცნიერებისა და მყარი საინჟინრო-გეოლოგიური ცოდნის გარეშე, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის საფუძველს ქმნის. აღნიშნულ

საკითხზე გთავაზობთ აკადემიკოს ლევანის ჯაფარიძის ინტერვიუს.

რა არის თქვენი სამეცნიერო ინტერესების სფერო?

ქანების და მიწისქვეშა ნაგებობათა მექანიკა. ნაგებობებათა გაანგარიშება გრავიტაციული, ტექნოლოგიური, ტექტონიკური, მიწისძვრის და აფეთქების სეისმური,  და სხვა წარმოშობის სტატიკურ და დინამიკურ ზემოქმედებებზე;  სამთო, სატრანსპორტო, ჰიდროტექნიკური და სხვა დანიშნულების გვირაბების გაანგარიშების  მეთოდები და კომპიუტერული პროგრამები; წიაღისეულ საბადოთა რაციონალური მოპოვების და გადამუშავების სამეცნიერო-ტექნიკური პრობლემები; მეწყერსაშიში უბნების მდგრადობის შეფასების და მისი უზრუნველყოფის გეოტექნიკური მეთოდები.

რას გვეტყვით ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ორგანიზების საკითხებზე?

ტექნოლოგიური პროგრესი  მეცნიერების განვითარების განუყოფელი ნაწილია. საერთოდ სამეცნიერო საქმიანობას მთლიანად ასე მოიხსენიებდა ხალხი და დღესაც ასეა. მაგ: საქართველოში ასე ვამბობდით: სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (სკსს). ეს იყო მთელი ციკლი - კვლევიდან საბოლოო შედეგამდე.“

სამეცნიერო საქმიანობა რამდენიმე ფუნდამენტურ ეტაპს მოიცავს:

1.თეორიული და ფუნდამენტური კვლევები: ეს ეტაპი ხშირად ჰიპოთეზით იწყება და ქმნის ყველაზე ძვირფას სამეცნიერო საფუძველს შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოში ამ ფუნქციას, ძირითადად, უნივერსიტეტები და მეცნიერებათა აკადემია ასრულებენ.

2.გამოყენებითი კვლევები: ეს ნაწილი კვლევითი ინსტიტუტების პრეროგატივაა.

3.საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები: აღნიშნული ეტაპი ხორციელდება მსხვილ საწარმოო ობიექტებზე (მაგალითად, სოფლის მეურნეობაში კონკრეტულ კულტურებს, ვთქვათ, სიმინდს, საკუთარი კვლევითი ცენტრი აქვს).

რაც შეეხება ორგანიზებას და დაფინანსებას, ზოგადად ამაზე საუბარი ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანს და უბრალოდ, ვიტყვი ასე: სამეცნიერო სფეროს ორგანიზება და დაფინანსება ქვეყნის განვითარების დონეზეა დამოკიდებული.

·სახელმწიფო ბიუჯეტი: ფუნდამენტური კვლევები, როგორც წესი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სხვადასხვა ქვეყანა ამ მიზნით ბიუჯეტის სხვადასხვა პროცენტს გამოყოფს. მაგალითად, ფინეთი უკვე 10-15 წლის წინათ მეცნიერებაზე ბიუჯეტის 3%-ს ხარჯავდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა ეს მხოლოდ 20%-ია იმისა, რაც სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (სსკსს) იხარჯებოდა.

·კორპორაციული დაფინანსება: ის ნაწილია, რითაც უკვე კონკრეტული პროდუქტი ან ტექნოლოგია იქმნება, ამ ნაწილს ხშირად კერძო სექტორი და მსხვილი კორპორაციები უკვეთავენ, აფინანსებენ ან ყიდულობენ.

მაგალითად, ერთ დროს ჩამორჩელილი ფინეთის ტექნოლოგიურ განვითარებაზე წლიური დანახარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 3% შეადგენდა. ფინეთი  იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩვენხელა ქვეყანაა. დღეს შეიძლება წააწყდეთ ისეთ ადამიანებს, როგორც აქ, ისე სხვაგანაც, რომლებიც იტყვიან: განა მცირე ქვეყნებს და მათ შორის ჩვენც, გვჭირდება დამოუკიდებელი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მართვა? რატომ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მეცნიერებას ის შედეგები, რაც დიდ ქვეყნებს შეუძლიათ? იქნებ არ არის მცირე ქვეყნისათვის საჭირო ამაზე ფულის ხარჯვა?

იქნებ მართლაც დავკმაყოფილდეთ, მაგალითად, ტექნოლოგიური ტრანსფერითა და ამ სახის ე.წ. ინოვაციებით. განა ჩვენ ისედაც ასე არ ვცხოვრობთ? განა ჩვენია ის ტრანსპორტი,  სამშენებლო ტექნიკა, ან მასალების დიდი ნაწილი, რომლითაც ეს მრავალსართულიანი შენობები შენდება? ეს ყველაფერი ხომ უცხოურია.  მაგრამ, თუ არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა, თეორიული საფუძვლების გარეშე ამ ტექნოლოგიებს სწორად ვერ გამოვიყენებთ. როგორც თავად ბილ გეითსი ამბობს, ჩვენი პროგრამების გამოყენება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მასში ჩადებული თეორიული ნაწილი იცის. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ეს ხელოვნური ინტელექტი სხვა არაფერია, თუ არა ტექნოლოგიებში რეალიზებული ბუნებრივი ინტელექტი.

საბოლოო ჯამში, ჩვენს წინაშეა საკმაოდ რთული ორგანიზმი - სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ერთობლიობა, რომელთა შორის მკაფიო საზღვარი არ არსებობს. ეს ეტაპები ბუნებრივად გადადის ერთმანეთში და ქმნის ერთიან ციკლს, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ შედეგად გარდაიქმნება.

ცნობილია, რომ საქართველოში მრავლად არის სეისმურად და მეწყერსაშიში ზონები. იქნებ გაგვესაუბროთ ამ თემაზე და კონკრეტულად იმ ზონებზე რომლებიც თბილისშია.

დღესაც დიდი ბჭობაა იმის შესახებ, თუ რა ეშველება საქართველოში ამორტიზებულ შენობებს და რამდენად საშიშია ისინი სეისმური ბიძგების დროს. დღეს არსებობს სეისმური ზემოქმედების  ნორმები, რომელთა მიხედვით შენობა-ნაგებობების საანგარიშო აჩქარებები სხსვადასხვა რეგიონში სხვადასხვაა და შეიძლება ოთხჯერადაც კი აღემატებოდეს იმ მაჩვენებლებს, რომელზედაც უნდა ყოფილიყო გაანგარიშებული მაგალითად, 20-40  წლის წინ, მაშინ, როცა სეისმური ბიძგები ხასიათდებოდა არა ენერგეტიკული მაჩვენებლით (მაგნიტუდით), არამედ ე.წ. ინტენსივობით (ბალებით). როგორია ძველი ნორმებით გაანგარიშებული, ამორტიზებული შენობების მდგომარეობა მდგრადობის თვალსაზრისით.  შესაძლოა ბევრი მათგანი გადაანგარიშებას, გადამაგრებას ან უკვე დანგრევასაც კი მოითხოვს და ეს უაღრესად დიდი, მძიმე და მნიშვნელოვანი საქმეა. ძალიან გამიხარდება, თუ აღდგება სეისმომედეგობის ინსტიტუტი, რომელსაც ამ მიმართულებით დიდი ტრადიცია ჰქონდა და რომელიც სწორედ ამ პრობლემებზე იმუშავებდა.

რაც შეეხება მეწყერსაშიშროებას, ეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დღეს ტექნოლოგია ისეა განვითარებული, რომ კოსმოსიდან აკვირდებიან და მონიშნავენ მიწის ზედაპირზე იმ ადგილებს, სადაც  რაიმე სახის მოძრაობაა. ეს, რა თქმა უნდა დიდი მიღწევაა. მეორე მხრივ, არსებობს

საქართველოს საინჟინრო-გეოლოგიური რუკები, სადაც მეწყერსაშიში ადგილები წითელი ლაქებითაა მონიშნული. ასეთი ადგგილი ბევრია და ბუნებრივია, ყველა ეს ვერ იქნება ჩვენი ინტერესის ობიექტი, მაგრამ თუ მივადგებით ისეთ ტერიტორიას, სადაც რაიმე ცვლილებას ან მშენებლობას ვაპირებთ, ის აუცილებლად უნდა იქნას დამატებით შესწავლილი საინჟინრო-გეოლოგიური ჯგუფის მიერ. მაგრამ

ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ მეწყრული ზონები მხოლოდ გეოლოგების ყურადღების სფეროა,  მცდარია. აქ აუცილებელია გეომექანიკოსებისა და გეოტექნიკოსების ერთობლივი ჩართულობა. თბილისში გვაქვს ასეთი ტერიტორიები და საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა — უნდა დადგინდეს, რომელი შენობაა დღეს ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ ჭანტურიას მთელი ქუჩა შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს. პრიორიტეტების განსაზღვრა სპეციალისტების საქმეა, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი ბიუჯეტი და დახვეწილი ორგანიზაციული სტრუქტურა, რადგან ეს სერიოზული საკითხია. ერთი მხრივ, პრობლემა ძალიან საშიშია, მეორე მხრივ კი — მისი მოგვარება საკმაოდ ძვირი საქმეა. სწორედ ამიტომ, ეს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მიერ ვიწროდ სპეციალიზებულ ორგანიზებას მოითხოვს.

თქვენ ბრძანდებით წულუკიძის ინსტიტუტის სამეცნიერო  საბჭოს თავმჯდომარე. რა ვითარებაა ამ ინსტიტუტში?

ჩვენს ინსტიტუტში, ისევე როგორც სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში, მდგომარეობა არ არის იოლი, მაგრამ არის შედარებით უკეთესი. მართალია, გარკვეული კუთხით პოზიტიური ძვრები შეინიშნება, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი რიგზეა. სამწუხაროდ, კვლევით ინსტიტუტში მუშაობა დღეს ახალგაზრდებისთვის მომხიბვლელი აღარ არის, რადგან ანაზღაურება დაბალია. გარდა ამისა, ინსტიტუტები პრაქტიკულად ნაკლებად მუშაობს იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვისაა გადამწყვეტი. როდესაც კვლევითი ცენტრები პრაქტიკულად არ მონაწილეობენ სახელმწიფო პროგრამების სამეცნიერო უზრუნველყოფაში, მათ არც შესაბამისი შემოსავალი აქვთ და მათი საქმიანობაც კარგავს მიმზიდველობას.

ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინოა წიაღისეულის ათვისების მიმართულებით. ჩვენი საბადოების დიდი ნაწილი 90-იანი წლებიდან მიტოვებულია. ბევრია ისეთი ადგილი, საიდანაც შეგვეძლო იმ  სამშენებლო მასალების მიღება, რასაც ახლა გარეთ ვყიდულობთ.  დღეს ინტერესები უფრო მეტად სამშენებლო ქვიშასა და ხრეშზეა დაყვანილი. მძიმე ვითარებაა ტყიბულში, ჭიათურაში და ბევრგან სხვაგან.  მადნეულის მდგომარეობა შეუდარებლად უკეთესია — იქ მეცნიერთა და ინსტიტუტების ინტერესიც მეტია. მაგალითად, მადნეულის კომბინატი სამაგალითო ყურადღებას იჩენს ახალგაზრდა კადრების მიმართ. ეს არის პირდაპირი მაგალითი თუ სად არის ინტერესი.

დღეს მსოფლიოში არის, მიწისქვეშა  ურბანიზაციის პერიოდი, რადგან დიდ ქალაქებში მიწის დეფიციტია. ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა ვეღარ ეტევა. ამ გამოწვევაზე საპასუხო სამუშაოების შესრულება, სწორედ, ჩვენი პროფილის ინსტიტუტს შეუძლია,  მაგრამ ეს რომ მოხდეს უნდა იყოს ინტერესი. არ შეიძლება ყოველი დიდი თუ მცირე გეოტექნიკური ნაგებობა შენდებოდეს უცხოური ფირმის მიერ. რამენაირად უნდა აღდგეს საქართველოს გამოჩენილი გვირაბ და მეტრომშენებლობის, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის  ერთდროს უძლიერესი  ტრადიციები.  მერე გაიზრდება დარგებისა და ინსტიტუტების მიმართ ინტერესიც და მათი მდგომარეობაც.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენთან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სხვაგან. რატომ მოხდა ასე? ჩვენ თავდაცვის სამინისტროს „ქოლგის“ ქვეშ მოვხვდით. სამინისტრომ ხელი შეგვიწყო, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი. თავდაცვის უწყება ვერ შეძლებს, რომ მხოლოდ ჩვენთან შექმნას სრულყოფილი სამეცნიერო უზრუნველყოფა მაშინ, როცა სხვა ინსტიტუტებში განსხვავებული ვითარებაა. ეს ერთიანი, კომპლექსური მიდგომის საკითხია.

სამთო-მომპოვებელი მრეწველობა დღევანდელ დღეს რითი ხვდება და რა სამომავლო პერსპექტივებია?

სამთო-მომპოვებელი მრეწველობა დღეს ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგად რჩება. გლობალური ეკონომიკის, ენერგეტიკული ტრანზიციისა და ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე სექტორი ახალ რეალობას ხვდება - რეალობას, სადაც რაოდენობრივი ექსპლუატაცია აღარ არის საკმარისი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერებას, უსაფრთხოებასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. 

საქართველოში სამთო-მომპოვებელი სექტორი ამ პროცესებს ხვდება არაერთგვაროვანი მზაობით. ერთი მხრივ, ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი გეოლოგიური პოტენციალი - ფერადი ლითონები, ქვანახშირისა და მანგანუმის საბადოები, სამშენებლო ნედლეული. მეორე მხრივ, მრეწველობის დიდი ნაწილი ეყრდნობა მოძველებულ ტექნოლოგიებს, არასაკმარის კვლევით მონაცემებსა და სუსტ სამეცნიერო მხარდაჭერას. ამას ემატება გარემოსდაცვითი კონფლიქტები და საზოგადოების უნდობლობა დარგის მიმართ.

დღეს ჩვენთან ძლიერი გეოლოგიური სამსახურის მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი. არადა, თავის დროზე, საქართველოში ეს სამსახური ერთ-ერთი უძლიერესი იყო - ფუნქციონირებდა სხვადასხვა მასშტაბური ექსპედიციები. მე მჯერა, რომ ეს ტრადიცია აუცილებლად აღდგება, რადგან სხვის ხარჯზე ცხოვრება გრძელვადიან პერსპექტივაში არავის გამოსვლია.

მხოლოდ ტურიზმი და ჩვენი ბუნების სილამაზე ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადობას. ქვეყანას ახასიათებს მისი მოსახლეობა და ის წიაღისეული სიმდიდრე, რომელიც მას გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დამოკიდებულება წიაღისეულის მიმართ ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ დარგს სჭირდება სისტემური მიდგომა და დიდი ყურადღება, რათა ჩვენი რესურსები ქვეყნის ეკონომიკის რეალურ მამოძრავებელ ძალად იქცეს.