„იმედია, ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე...“ - ჯემალ ღაღანიძის უკანასკნელი ინტერვიუ

jemal gaganidze

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. „რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში.

„პრაიმტაიმის“ არქივს შემორჩა მსახიობის უკანასკნელი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა თამარ გონგაძემ მაშინ ჩაწერა, როცა ავად იყო.

მსახიობს ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებდა ჟურნალისტის მოკითხვა. 

ალბათ, არც ერთი პროფესიის ადამიანისთვის არ არის საწოლში სიბერის გატარება ისეთი სევდიანი, როგორც მსახიობისთვის.

აპლოდისმენტებს, საგრიმიოროს, გადასაღებ მოედანს, კოლეგების გარემოცვაში ყოფნას, ყველა მხრცოვანი არტისტი სიცოცხლის ბოლომდე ნატრობს. უასაკო პროფესიაა და მსახიობი არ ბერდებაო, ამბობდა ჩვენი რესპონდენტი.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– იყო როლი რომელზეც გული გწყდებათ? 

– დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა (იცინის). მე მინდოდა თამაში, შემოთავაზება არ მქონია, ამ გმირის ცალმხრივი სიყვარული მქონდა. გამხდარი ვიყავი და მქონდა მისი თამაშის განწყობა.

რაც შეეხება თეატრს, იქ 63 წელი გავატარე. მაყურებლის წინაშე წარდგომა, ეს დიდი სიამოვნებაა მსახიობითვის.

კინოსგან განსხვავებით, არც ერთი თამაში არ მეორდება თეატრში, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად თამაშობ.

იმედია, რომ ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე. ამის სურვილს რა მომაკლებს. რა ასაკისაც არ უნდა იყოს, მსახიობს ყოველთვის აქვს სცენაზე დგომის სურვილი“,- ამბობდა მსახიობი.