გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის - მეუფე შიო

მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება ღვთის შეწევნით. ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, მის ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

პატრიარქის მდგომარეობა ამჟამად სტაბილური თუმცა საყურადღებო რჩება.