დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
Forbes Under 30-ის სპონსორი საქართველოს ბანკია
ჟურნალ Forbes-ის პროექტი 30 Under 30 ყოველწლიურად იმ ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია და წელს ბანკი პროექტის სპონსორიც გახდა. ამ მასალაში 2025 წლის განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის გამარჯვებულს, ქიმიკოს ხატია თარგამაძეს გაგაცნობთ.
განათლება და სამეცნიერო აღმოჩენები
ხატია ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (The City University of New York) დოქტორანტი მკვლევარია, ქიმია კი ჯერ კიდევ სკოლაში შეუყვარდა. მოსწონდა, რომ სულ რაღაც ახალს და საინტერესოს სწავლობდა. დროთა განმავლობაში თავადაც მოუნდა, ამ სფეროს ნაწილი გამხდარიყო:
რამდენ კითხვასაც არ უნდა გასცე პასუხი, ყოველთვის ჩნდება რაღაც ახალი. წარუმატებელი ექსპერიმენტიც კი ხშირად ახალი კითხვის დასმისა და უკეთესი მიმართულების პოვნის საფუძველი ხდება. სწორედ ეს მუდმივი ძიებაა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.
გარდა მუდმივი ძიებისა, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გამოცდილება და განათლება სხვებსაც გაუზიაროს:
მეორე მნიშვნელოვანი მოტივაცია ჩემთვის ის არის, რომ ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ ჩემთან არ დარჩეს. მინდა, ჩემს მუშაობას სხვებისთვისაც ჰქონდეს ღირებულება, იქნება ეს სხვა მკვლევარი, სტუდენტი, რომელსაც ჩემს ცოდნას გავუზიარებ, თუ უფრო ფართო პერსპექტივით, სამეცნიერო პროგრესი, რომლის მცირე ნაწილიც ჩემი საქმიანობა იქნება.
ახალი შესაძლებლობები ფარმაციაში
ხატიას კვლევა პირდაპირ უკავშირდება ახალი წამლებისა და სამედიცინო პრეპარატების შექმნას. ის ეძებს გზებს, თუ როგორ მიიღოს წამალი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს.
ფარმაციაში მოლეკულის ზუსტ ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ოდნავი უზუსტობაც კი საკმარისია, რომ წამალმა თავისი სამკურნალო ფუნქცია დაკარგოს. ხატიას კვლევა კი მეცნიერებს ეხმარება, ეს პროცესი ზუსტად მართონ და შექმნან ისეთი რთული სამედიცინო პრეპარატები, რომელთა მიღებაც აქამდე არსებული მეთოდებით შეუძლებელი იყო:
ახალი მეთოდები მეცნიერებს აძლევს ინსტრუმენტებს რთული მოლეკულების შესაქმნელად. ამის პრაქტიკული ღირებულება განსაკუთრებით ფარმაციაში ჩანს, რადგან შესაძლებელი ხდება ისეთი ნაერთების მიღება, რომელთა სინთეზიც მანამდე წარმოუდგენელი იყო.
აღიარება და პასუხისმგებლობა
ხატიასთვის Forbes Under 30-ში მოხვედრა მხოლოდ საამაყო მიღწევა არ არის. ფიქრობს, რომ განათლებასა და მეცნიერებაში ერთი წარმატება გარკვეულ სტანდარტს აწესებს და გაძლევს პასუხისმგებლობას, რომ განვითარება გააგრძელო და არ გაჩერდე. ახალგაზრდა მეცნიერების პოტენციალის სრულად ასათვისებლად კი კერძო სექტორის როლი და კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოვანესია:
როდესაც შენს საქმიანობას ასეთ დონეზე აფასებენ, ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ ეს ნდობა მომავალშიც გაამართლო. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, წლების შემდეგ ჩემს პროფესიულ გზას რომ შევხედავ, დავინახო, რომ მოლოდინი ჩემი შემდგომი საქმიანობით გავამართლე.
რჩევა ახალგაზრდა მეცნიერებს
იმისათვის, რომ ხარისხიანი განათლება რეალურ კვლევაში გადაიზარდოს, ხატია მომავალ მეცნიერებს ურჩევს, მზად იყვნენ ბევრი შრომისთვის, რადგან შედეგი ყოველთვის სწრაფად არ მოდის. სახელმძღვანელოებთან ერთად აუცილებელია თანამედროვე სამეცნიერო სტატიების კითხვაც და იმის დანახვა, თუ რა კითხვები და პრობლემები რჩება თანამედროვე მეცნიერებაში გადაუჭრელი:
განათლებასა და მეცნიერებაში მხოლოდ იმის ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი, რაც უკვე აღმოჩენილია. უნდა შეგეძლოს დაინახო ისიც, რაც ჯერ არ ვიცით, დასვა კითხვა “რატომ?“ და არ დაკმაყოფილდე მხოლოდ მზა პასუხებით.
ახალი თაობის წახალისება და მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. Forbes Under 30-ის პროექტის დაფინანსებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აღმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ პერსპექტიულ, ნიჭიერ და ინოვაციურ ახალგაზრდებს, რათა განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.