„გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები“ - სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტებს ამოწმებს

ძაღლები

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმება თბილისში დაიწყეს.

"სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები. მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. 1 ივლისიდან, რუმინგის ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება.

კანონის ამოქმედებამდე, სააგენტომ ბიზნესოპერატორებს სავალდებულო მოთხოვნები გააცნო. ობიექტებმა, რეგულაციების დაცვის პარალელურად, ყურადღება უნდა გაამახვილონ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტო განმარტავს, რომ თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში არ არის ასახული, ობიექტებს მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ.