Forbes Spain Travel-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

Forbes Spain Travel

ესპანურმა Forbes-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა. პრესტიჟულმა გამოცემამ მილიონობით მკითხველს გაუზიარა 2026 წლის სამოგზაურო ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც ბათუმი ისეთ საინტერესო ტურისტულ ადგილებს შორისაა, როგორებიცაა მადრიდი, მაიამი, ავსტრია, აბუ-დაბი,ახალი ზელანდია, ანდალუზია, კოსტა-რიკა და სხვები.

„შავ ზღვაზე გადაჭიმული საქართველოს ეკონომიკური დედაქალაქი ბათუმი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ურბანული მიმართულებაა. ძვ.წ. IV საუკუნეში დაარსებული ბათუმი ფუტურისტული ცათამბჯენების, ნეოკლასიკური ვილების, საბჭოთა არქიტექტურისადა მოდური რესტორნების, კაფეების, კლუბების კოლექციის ეკლექტიკური, მაგრამ შთამბეჭდავი ნაზავია. ქალაქის მთავარი სიმბოლოა ანბანის კოშკი, ესპანელი ალბერტო დომინგო კაბოს ნამუშევარი. 133 მეტრის სიმაღლით გამორჩეული კოშკი ბათუმის ბულვარში, შვიდ კილომეტრზე მეტი სიგრძის სანაპირო პრომენადზე დგას. იქვეა ორი გიგანტური ფოლადის ქანდაკება „ალი და ნინო“, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია“, - ნათქვამია სტატიაში.

Forbes Spain Travel სადაც სტატია გამოქვეყნდა, ესპანურენოვანი Forbes-ის სამოგზაურო გამოცემაა, რომელიც ფოკუსირებულია ტურიზმზე. იგი აქვეყნებს სტატიებს, რეპორტაჟებს და აშუქებს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია მოგზაურობის გამოცდილებაზე, ტურიზმის სტრატეგიაზე, სტუმართმოყვარეობასა და მაღალი ღირებულების ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.