ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება - ზვიად შალამბერიძე ამაღლობელის საქმეზე

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტარები გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არის დამოუკიდებელი. ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

ამ თემაზე სხვადასხვა სპეკულაცია, რომელიც უკვე დაიწყო და, დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება, უადგილოა.  გადაწყვეტილება მიღებულია ისე, როგორც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. "ბათუმელების“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე განაჩენი ერთი საათის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა - პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, მოსამართლემ კი ის დამნაშავედ ცნო მუხლით, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. ეს სასჯელის სახედ ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართოს.