დღეიდან პენსია და სოციალური დახმარებების ოდენობა გაიზარდა

pensia

2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, გაზრდილია 59,8 მილიონი ლარით და 6 მილიარდ 858 მილიონ ლარს აჭარბებს.

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის იზრდება პენსია, ასევე, დაგეგმილია ზრდა სოციალური დახმარებების კუთხით.

ცნობილია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 65 ლარით და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება;

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;

გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდას და ერთ ბავშვზე განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით, გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი;

2023 წლის ბიუჯეტი, ასევე, ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულების განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 2000 ლარით.

გარდა ამისა, კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების ხარჯზე, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქრონიკული მედიკამენტების ქვეპროგრამის მნიშვნელოვანი გაფართოება.