დავით სონღულაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს გაეცნო

დავით სონღულაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, თელავში 12 ივლისს განვითარებული სტიქიის შემდეგ მიმდინარე სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„თელავში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის პირველივე დღიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროცესში სრულად არის ჩართული და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით ყველა საჭირო ღონისძიებას ოპერატიულად ახორციელებს. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოწვევების დროს რეაგირება იყოს სწრაფი, ხოლო ყველა პასუხისმგებელი უწყების მუშაობა - კოორდინირებული და ეფექტიანი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

12 ივლისს, გამთენიისას, ქალაქ თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, რის გამოც ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, თელავში ნალექის რაოდენობამ 57.3 მმ შეადგინა, რაც თვის ნორმის 85%-ია.

სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფები ადგილზე პირველივე დღიდან მუშაობდნენ. სპეციალისტების მიერ მომზადდა დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზების, მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების (ე.წ. „დამბების“) გაწმენდა, ასევე გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა და სხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რაც ქალაქის სტიქიისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.