დაგროვებითი პენსია 28 882-მა პირმა გაიტანა - ვის და რა შემთხვევაში შეუძლია თანხის გატანა

პენსია

დაგროვებითი პენსიით 28 882-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 137.2 მლნ ლარი გაიცა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.720 მლნ ადამიანია.

„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია.

2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137.2 მილიონი ლარი.თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია“, - ნათქვამია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა ვრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.

რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა

საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:

1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;

2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;

3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.