დაღუპულია ერთი ოჯახის 5 წევრი, ცოლ-ქმარი და მათი სამი შვილი - სოჭის ტრაგედიის დეტალები

სოჭი

ქალაქ სოჭში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთსულიანი ოჯახის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას კრასნოდარის მხარის პროკურატურა ავრცელებს.

ავარია 26 ივლისს, დაახლოებით 22:30 საათზე, კურორტნის პროსპექტის დუბლიორის მონაკვეთზე მოხდა. Toyota Land Cruiser 200-ის 42 წლის მძღოლმა, რომელიც სველი გზის პირობებში გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ გადააჭარბა სიჩქარეს, ვერ დაიმორჩილა ავტომობილი და ბეტონის კედელს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ 42 წლის მძღოლი, მისი 40 წლის მეუღლე და მათი სამი შვილი – 5, 10 და 13 წლის ბავშვები. კიდევ სამი არასრულწლოვანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.