1785095778
გურამ მაჭარაშვილი: პაატა ბურჭულაძეს მხარდამჭერები თუ ისევ დაუჯერებენ, როგორც 4 ოქტომბერს, შეიძლება, შედეგი ჰქონდეს მის მოწოდებას, რომ დანაშაული ჯერ აღიარონ, შემდეგ მოინანიონ და საპროცესო შეთანხმება მოითხოვონ
პაატა ბურჭულაძეს მისი მხარდამჭერები თუ ისევ ისე დაუჯერებენ, როგორც ეს 4 ოქტომბერს გააკეთეს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, შედეგი ჰქონდეს მის დღევანდელ მოწოდებას, რომ დანაშაული ჯერ აღიარონ, შემდეგ მოინანიონ და საპროცესო შეთანხმება მოითხოვონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე, სადაც ის აღნიშნავს: „4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან“.
„ძალოვანი უწყებები ნახავენ, რა შეიძლება, კანონმდებლობით გაკეთდეს. ეს იყო დამხობის მცდელობა და არა სცენაზე სიმღერის მცდელობა. პაატა ბურჭულაძემ უკვე თავიდან ბოლომდე აღიარა ის, რასაც ვამბობდით – დიახ, სცენაზე იმიტომ ავიდა და იქ მყოფებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტის სასახლისკენ წასულიყვნენ, შეჭრილიყვნენ. ხომ გახსოვთ, რას ამბობდნენ, თურმე ეს ხალხი სცენაზე უწყინარად იყო, არავინ დამხობისკენ არ მოუწოდებდნენ და არასწორად იყვნენ დაკავებული. მაშინ ეს ხალხი გამოვიდეს და თქვას, რა საპროცესო შეთანხმებაზეა საუბარი და უთხრან, რა საპროცესო შეთანხმებაზეა საუბარი, მანდ დარჩით, ვიდრე სასჯელს არ მოიხდითო. დამხობების და რევოლუციების სცენარი 4 ოქტომბრის შემდეგ გადატყდა, როცა საზოგადოება იმას მიხვდა, რომ მიზანი დამხობა იყო და ახლა მიზანი მარტივია. ეტყობა, ბურჭულაძეს მოუნდა, საჯაროდ იმღეროს, მოსწყინდა საპყრობილეში – დანაშაული აღიარა, თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ ის რეალობა აღიარონ, რაც ჩაიდინეს. ამას სხვები დაეთანხმებიან თუ არა, ეს ტექნიკურია, მთავარია, აღიარა ის, რაც ჩაიდინეს. ხალხს აჩვენებდნენ, რომ რევოლუციაზე წამსვლელი და დამხობის მომხრე იყო, მაგრამ რამდენიმე თვეში ამბობს, მაპატიეთ, ციხიდან გამიშვით და დანაშაულს აღარ ჩავიდენო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც ტყუოდა, როცა ხალხს მოუწოდებდა, ჩვენს ხელში პრეზიდენტის სასახლის გასაღებიაო და დღესაც ტყუის, რომ რაღაცას ინანიებს. მიზანია, როგორმე საპატიმრო დატოვონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.










