"აუცილებელია წანდილის მომზადება" - სულის შაბათს მიცვალებულები განსაკუთრებით ელოდებიან მოხსენიებას

candles

სულთმოფენობის დღესასწაულს (8 ივნისს), წინ, სულის შაბათი უძღვის. ეს არის მიცვალებულთა საყოველთაო  ხსენების დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქ მიცვალებულთა სულზე ზრუნვას.

ამ დღეს ტაძრებში გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღესრულება.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილები საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან შემწეობას და მოხსენებას.

ყველამ უნდა ეცადოთ მოიხსენიოთ თქვენი მიცვალებულები, დაესწროთ წირვას, შეაგზავნოთ მოსახსენებელი და მათ სახელზე დაანთოთ თუნდაც ერთი სანთელი. იკურთხება  მრევლის მიტანილი პროდუქტი და შემდეგ ის რიგდება მშიერთათვის... შეგიძლიათ ზეთი შესწიროთ, რომელიც ტაძრის კანდელებში ჩაისხმება. 

***

მიცვალებულები ახლობლების ლოცვასა და სიკეთეებზე არიან დამოკიდებულნი. მათ აღარ შეუძლიათ მონანიება. ამიტომ ჩვენი მიცვალებულებისთვის უნდა ვილოცოთ, ვიკითხოთ ფსალმუნნი და მათ სახელზე გავცეთ მოწყალება. 

***

წმინდა პაისი ათონელი: 

მიცვალებულები გონს მოდიან და დახმარებას ითხოვენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ეხმარებიან. ჯოჯოხეთში მყოფებს ქრისტესგან მხოლოდ ერთი რამ სურთ, 5 წუთი იცოცხლონ, რომ მოინანიონ. ჩვენ, ცოცხლებს, გვაქვს მონანიების დრო, მიცვალებულებს კი - არა.
სწორედ ამიტომ მოვალენი ვართ დავეხმაროთ მათ ჩვენი მხურვალე ლოცვით. ამიტომ აქვს ჩვენს ეკლესიას წირვა,
პანაშვიდი.
პანაშვიდი მიცვალებულთა სულების საუკეთესო დამცველია. მათ აქვთ სულის ჯოჯოხეთიდან გამოყვანის უნარი. თქვენ კი, ყოველ ღვთისმსახურებაზე, უნდა წაიკითხოთ ფსალმუნები თქვენი მიცვალებულებისთვის.

აუცილებელია წანდილის გაკეთება, რადგან ხორბალს აქვს მნიშვნელობა: დათესე ხრწნილებაში, ის აღდგება უხრწნელობაში (1 კორ. 15:42). ანუ ის სიმბოლოა ადამიანის სიკვდილისა და აღდგომისა. უნდა მიუთითოთ მიცვალებულთა სახელები, რათა მღვდლებმა მოიხსენიონ ისინი, რადგან ისინი უფრო მეტად გაჭირვებულები არიან, ვიდრე ავადმყოფები.

***

საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.

რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა.

საკურთხზე ყოველთვის ამზადებენ კოლიოს ანუ წანდილს.

ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: იულიანე განდგომილმა, კონსტანტინეპოლის მეფემ, უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ცოდვებს ინანიებდნენ. იულიანემ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი (იგი მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის), ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული და ურჩია, მის ნაცვლად მიეღოთ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი. ქრისტიანებმა შეიძინეს ხორბალი, კოლიო მოხარშეს და მთელი კვირის განმავლობაში მას იხმევდნენ. ასე გადაურჩნენ მარხვის შემწიკვლებას (დარღვევას). მას შემდეგ დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათი წმინდა თეოდორეს ხსენების დღედაა მიჩნეული.

წანდილის გარდა ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ.