ალცჰაიმერის რისკებზე ახალი კვლევა გამოქვეყნდა

ალცჰაიმერი

ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ტრადიციულად გენეტიკურ და ასაკობრივ ფაქტორებთან ასოცირდება.

თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ახალი მიმოხილვა მეცნიერებსა და საზოგადოებას სრულიად ახალ თეორიას სთავაზობს: დაავადებასთან დაკავშირებული პათოლოგიური ცილები თეორიულად შესაძლოა ადამიანს დონორის სისხლით გადაეცეს.

საუბარია ამილოიდ β-ზე (ბეტა-ამილოიდზე) - სპეციფიკურ ცილაზე, რომლის ჭარბი დაგროვება ტვინში პირდაპირ კავშირშია ალცჰაიმერის დაავადებასა და ცერებრალურ ამილოიდურანგიოპათიასთან (თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგია).

მედიცინის ისტორიაში უკვე აღწერილია ამ პათოლოგიის გადაცემის იშვიათი შემთხვევები, როდესაც პაციენტებს ადამიანის ქსოვილებისგან დამზადებულ პრეპარატებს (მაგალითად, ზრდის ჰორმონს) უნიშნავდნენ. ახლა კი მეცნიერთა ყურადღების ცენტრში სისხლის ტრანსფუზია (გადასხმა) მოექცა, როგორც გადაცემის კიდევ ერთი შესაძლო გზა.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად დანიასა და შვედეთში ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, რომელშიც 1.2 მილიონზე მეტი სისხლის დონორი და 1 მილიონზე მეტი რეციპიენტი (სისხლის მიმღები) მონაწილეობდა.

იმ პაციენტებს, რომლებსაც გადაესხათ ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები) ისეთი დონორებისგან, რომლებსაც მოგვიანებით ტვინში განმეორებითი სისხლჩაქცევები (ჰემორაგია) განუვითარდათ, თავადაც აღენიშნებოდათ ასეთივე სისხლჩაქცევების გაზრდილი რისკი. მნიშვნელოვანია, რომ ტვინის დაზიანების ეს სპეციფიკური ტიპი სწორედ ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათიისთვის არის დამახასიათებელი.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამ მოვლენის ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური ახსნა დონორიდან რეციპიენტის ორგანიზმში ამილოიდური β ნაწილაკების გადატანაა, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა რეციპიენტის ტვინშიც ამ ცილის დაგროვება გამოიწვიოს.

მიუხედავად აღმოჩენის მნიშვნელობისა, მეცნიერები საზოგადოებას ამშვიდებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი კლინიკური მტკიცებულება იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება რეალურად გადადის სისხლის გადასხმით.

გამოვლენილია მხოლოდ პოტენციური, თეორიული რისკი, რომლის ზუსტი მასშტაბები და მექანიზმები ჯერ კიდევ უცნობია და დამატებით, სიღრმისეულ კვლევებს მოითხოვს. შესაბამისად, სისხლის დონაცია და გადასხმა კვლავ უსაფრთხო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო პროცედურად რჩება, რომელზე უარის თქმაც დაუშვებელია.