"ახლა, არანაირი შემოსავალი არ მაქვს და ვალებით გამაქვს თავი" - მზია გეწაძის გულახდილი ინტერვიუ

მზია გეწაძე

ქუთაისელი მომღერალი მზია გეწაძე 23 წელია სცენაზე დგას, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მას ცოტა ხნის წინ სიმღერამ „ბოშა ქალო“ მოუტანა. ამ სიმღერას თავბრუდამხვევი წარმატებები მოჰყვა, თუმცა მომღერალი ახლა სამსახურის გარეშე არის დარჩენილი და თავს ვალებით ირჩენს.

მზია გეწაძეს დიდი ოჯახი ჰყავს, რომელსაც თავად არჩენს. სამსახურიდან ის ოთხი თვის წინ გამოუშვეს, თუმცა რა არის ამის მიზეზი მისთვის უცნობია. ასევე, დაიხურა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც, როდის გაგრძელდება, უცნობია.

„პრაიმ ტაიმს“ მზიამ გულახდილი ინტერვიუ მისცა.

- როგორ ვიქნები, მოწყენილი ვარ, იმიტომ რომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებები გაჩერდა, მარხვაა კონცერტები აღარ არის, ოთხი თვეა უმუშევარი ვარ. ჩემთვის ჯერ არ გამოჩნდა შესაბამისი რესტორანი, სადაც მიმიწვევენ და ვიმუშავებ. იმდენად ცოტა ხელფასს მთავაზობენ უბრალოდ არ ღირს მისვლა. უნდა იყოს მეტი დაფასება და მეც უფრო დავაფასებ. ახლა არანაირი შემოსავალი არ მაქვს. ძალიან მიჭირს, ჯერჯერობით ვალებით მივდივარ წინ, იმედი მაქვს რაღაც გამოჩნდება  და ვალებს მაინც გავისტუმრებ. წლების წინ ერთი დღეც არ მქონდა დასვენება, სულ ვმუშაობდი. 23 წელია ვმღერი და ხელფასი არ მქონია, მხოლოდ შაბაშებს ვიღებდი. ახლა შაბაშიც აღარ არის, რადგან რესტორანში აღარ ვარ. სახლში ვზივარ და ღვთის მოწყალებას ვუცდი.

- ოჯახში არავინ არ მუშაობს?

- ოჯახში არავინ არ ვმუშაობთ და მძიმე პერიოდი გვაქვს. ცოტა ხნის წინ, ჩემი მეორე შვილიშვილი დაიბადა. როცა ვმუშაობდი ყველას ყველაფერი ჰქონდა. იმ რესტორანში ბოლოს სადაც ვმუშაობდი, აპარატურის წილი დამადებინეს, ანუ სახლიდან ფული მიმატანინეს და ასე დავიწყე მუშაობა. არცერთ მუსიკოსს არ უნდა ნაშრომი გაგიყოს. 81 წლის დედა მყავს, რომელსაც ქუთაისში მარტო ვერ დავტოვებ და ამიტომ ვერ გადმოვდივარ თბილისში.

- შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?

- „პოსლეზე“ ვწერ სიმღერებს, როდის გადავიღებ კლიპს არ ვიცი. სანამ ერთ-ერთ პროექტში ვერ გამოვჩნდები მანამდე ვერსად ვერაფერს ვიტყვი. „გვირილობასთან“ დაკავშირებით მონაწილეობა მივიღე გადაცემაში „გული მღერის“, მაინტერესებს ჩემი ქალაქის ხელმძღვანელობა თუ დამიძახებს გვირილობის დღესასწაულზე, მაგრამ რატომღაც არ მგონია. თბილისელი უნდა ვიყო ეტყობა რომ მიმიწვიონ.

- თქვენ საკმაოდ სკანდალური ამბები მოჰყევით, თქვენი ყოფილი მეუღლის შესახებ, ხომ არ მოჰყვა ამას რამე რეაქცია?

- არა, ვის რა უნდა ეთქვა. ყველა სიტყვა სიმართლე იყო. ბიჭი მყავს, მისი რეაქცია ნორმალური იყო, მორწმუნე და მორიდებული ბიჭია. რელიგიით არის გატაცებული. მე განა პატივი არ ვეცი ჩემს ქმარს, უბრალოდ სიმართლე მოვყევი, რომელიც ყველამ იცის.  ბიჭი გავუჩინე, რომელიც მის გვარს აგრძელებს და ახლა ორი შვილიშვილი გვეზრდება. მე ჩემს თავთან მართალი ვარ და ვინც მართალი არაა მისი პრობლემაა.

- თქვენი ვაჟი რას საქმიანობს?

- მევიოლინეა ჩემი შვილი. 3 წლიდან მარტო ვზრდი. ძალიან რთული იყო, მაგრამ მშობლები,  ჩემი ძმა, რძალი, ნათესავები, ახლობლები მეხმარებოდნენ.

- შვილის მარტო აღზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ასევე ფინანსები სწავლისთვის, როგორ შეძელით ეს ყველაფერი?

- ჩემმა შვილმა ჯერ ქუთაისში ჩააბარა და უფასოზე მოხვდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გადმოვიდა, რის გამოც დაფინანსება გაუნახევრდა. აქ დაგვჭირდა ბინის დაქირავება, ჭამაც ხომ იყო საჭირო, ამიტომ ოქროები გავყიდე, რომელსაც 19 წელი ვუნახავდი და სწავლის საფასური ასე გადავიხადე. შემდეგ ისევ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, ხელახლა მოიპოვა გრანტი და მოხვდა უფასოზე. ამის შემდეგ გამოცდებით მოხვდა დანიის სამეფო აკადემიაში, დანიიდან დაბრუნების შემდეგ ჩამოვიდა, მაგისტრატურაზე ჩააბარა და  ბუდაპეშტში მიიწვიეს გაცვლითი პროგრამით ლისტის სამეფო აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და ახალგაზრდულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. ხელფასი 450 ლარი ჰქონდა, ამ თანხით ოჯახის რჩენა, ბინის ქირის გადახდა და თბილისში ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ იანვარში სამსახური დატოვა და ახლა უმუშევარია.

ქუთაისში დაბრუნებას მისთვის ახლა აზრი არ აქვს, დაცარიელებულია ქალაქი, ზოგი ემიგრაციაში წავიდა და არაფერი ხდება.

- თქვენ არ გიფიქრიათ ემიგრაციაში წასვლაზე?

- ბოლომდე მოვითმინე ყველაფერი და ჩემი შვილი არ მივატოვე. ვამბობდი ბავშვს მამა არ ჰყავს და მეც თუ განზე გავდექი, ვინ იცის რა გაიზრდება-მეთქი. მე ის არ მივატოვე და გავზარდე ისეთი, როგორიც ეკადრება მზია გეწაძეს.