დღეიდან, საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა
1754033861
თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს და მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსისა და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს შეხვდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
„განსაკუთრებული პატივია მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-თან შეხვედრა. უდიდეს მადლობას ვუხდი ჩვენი მასპინძლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების განხორციელებაში ჩვენი დახმარებისთვის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საპატრიარქოს, პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის და მსოფლიო საპატრიარქოს იმვროსისა და ტენედოს მიტროპოლიტ კირილეს თანადგომა იმ კეთილ საქმეში, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ვახორციელებთ.
მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით, უკვე მე-4 წელია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და ახლა უკვე თურქეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო ბანაკებს ვახორციელებთ, სადაც ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები ისტორიულ ადგილებში“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
მსოფლიო პატრიარქის პირადი მიწვევით აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ თენედოსზე წმინდა პარასკევას სახელობის ტაძარში წირვას დაესწრნენ. ასევე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ წმინდა პარასკევას დღესასწაული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნეთ.
ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული გვმართებს. ჩემთვის, როგორც მსოფლიო პატრიარქისთვის, აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და გისურვებთ ძალიან მალე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
მინდა გულითადი ქრისტესმიერი სიყვარული გადავცე ღვთისმოყვარე ქართველ ერს და მოვიკითხო ჩემი ძმა და მეგობარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა.