აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა, რომ სტაჟირების პროგრამა მათ საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ საჯარო უწყებების საქმიანობას, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად იმუშაონ და მონაწილეობა მიიღონ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტაჟირება უნდა იქცეს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობად, არამედ როგორც სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის იმ მნიშვნელოვან მექანიზმად, რაც წარმატებული სტაჟიორებისთვის შემდგომი პროფესიული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა გახდება.

"შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებმაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, ინიციატივების მოსმენა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ვისაუბრეთ რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე, მიმდინარე პროექტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდებს საჯარო უწყებებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად ეძლევათ. დარწმუნებული ვარ, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე სამინისტროს ხელმძღვანელი ესწრებოდა, რომლებმაც სტაჟიორებს თავიანთი უწყებების საქმიანობის სპეციფიკა, პრიორიტეტები გააცნეს და უპასუხეს ახალგაზრდების შეკითხვებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება. აჭარის საჯარო უწყებებში სტაჟირების გასავლელად წელს 532 განაცხადი დაფიქსირდა, კონკურსის შედეგად, აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში 40, ხოლო მუნიციპალიტეტებში - 25 სტაჟიორი შეირჩა. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შერჩეული 40 სტაჟიორიდან 4 სტაჟირებას მთავრობის აპარატში, ხოლო 36 - სამინისტროებსა და მათ სისტემაში შემავალ დაწესებულებებში გაივლის.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებიდან რეგიონში 19 ადამიანი დასაქმდა, მათგან 12 აჭარის მთავრობის სისტემაში, ხოლო 7 - მუნიციპალიტეტებში.

✕