ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრებაში ახლა ყველაზე ძვირფასი ეტაპია. ის წლის და შვიდი თვის ვაჟს, რონის ზრდის. დროის უდიდესი ნაწილი სამ თეატრში მუშაობას და შვილის აღზრდას ეთმობა. ნინო უკვე მარტოხელა დედაა, თუმცა დედის და დეიდის დახმარებით ახერხებს აქტიურად იყოს დაკავებული სცენაზე და შვილიც სრულფასოვნად აღზარდოს.
- ვარ ნოდარ დუმბაძის და გიორგი რატიანის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრების მსახიობი. ასევე, დაიდგა ერთი სპექტაკლი თბილისის კამერულ თეატრში. "კაცია ადამიანში" დარეჯანის როლს ვთამაშობ და ვხუმრობდი, მაინც მივედი ამ წონამდე, როცა დარეჯანი უნდა ვითამაშო-მეთქი. იმდენად კარგი სპექტაკლია, ყოველ ჯერზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს თამაში.
- ბავშვის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?
- ბავშვს ვზრდით სამი ქალი, მე დედაჩემი და დეიდაჩემი. იქიდან გამომდინარე რომ მე და დეიდაჩემი ვმუშაობთ, პრაქტიკულად დედაჩემი ზრდის. როგორც აღვნიშნე საკმაოდ დატვირთული ვარ, მაგრამ თავისუფალ დროს ყოველთვის ბავშვთან ერთად ვარ.
- ცნობილია, რომ უკვე მარტოხელა დედა ხართ და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ბავშვისთვის დედობაც გიწევთ და მამობაც...
-ამ ეტაპზე ასე მოხდა, რომ მე და გუგა დავშორდით და ბუნებრივია, როცა მამა ბავშვის ყოველდღიურ აღზრდაში არ არის ჩართული, გიწევს დედაც იყო და მამაც იყო.
- როგორ ახერხებ, არაერთი სირთულის მიუხედავად ძლიერი იყო?
- მე სულ ამას აღნიშნავ, რომ დედა არის ჩემთვის ძლიერი ქალის მაგალითი. ბაბუჩემი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, შესაბამისად დედა ფუფუნებაში იზრდებოდა. 90-იან წლებში როცა მამაც აღარ ჰყავდა, გარდაეცვალა მეუღლე და დადგა მძიმე რეალობის წინაშე. ორი შვილით მარტო. მართლა არ ვიცი რა ძალა ეყო იმისთვის, რომ ორი გოგო ისე გაგვზარდა არაფერი დაგვაკლო, დედობაც გაგვიწია, მამობაც გაგვიწია და ახლა ჩემს შვილსაც ის ზრდის. ისეთი ძლიერი მაგალითი მყავს მისი სახით, თავს უფლებას არ ვაძლევ გავტყდე და სისუსტე გამოვაჩინო.
- რამდენი წლის იყავით როცა მამა დაიღუპა?
- მამა ავარიით დაიღუპა. მე ვიყავი 12 წლის, ჩემი და 8 წლის. მამა იყო ძალიან ახალგაზრდა. გარდაცვალებიდან ერთ კვირაში ხდებოდა 35 წლის. ეს მოხდა მოულოდნელად, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო, ფეხით მოდიოდა და მანქანა დაეჯახა. რაღაც პერიოდი რეანიმაციაში იწვა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. პანაშვიდების გარდა, დედა ატირებული არსად არ მინახავს. დედა ცდილობდა, ჩვენთან ისეთი სახე დაეჭირა, რომ არ გვეფიქრა მე და ჩემს დას რომ უბედურები ვართ. 90-იანებში ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ვიცნობდი უმამო ბავშვებს, მაგრამ დედა ცდილობდა თავი დაჩაგრულად არ გვეგრძნო, ის ემოციურადაც ცდილობდა გვეფიქრა რომ სრულყოფილი ცხოვრება გვაქვს. ჩემზეც უდიდესი გავლენა იქონია ამან, სხვანაირად დამაფიქრა. სხვათა შორის ისე მოხდა, რომ მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში დავიწყე ხატვა და ლექსების წერა, ასევე ბევრს ვკითხულობდი და ამაში ვახდენდი ჩემი ემოციების რეალიზებას. მამას ძალიან უნდოდა მსახიობი გავმხდარიყავი და ალბათ ვამართლებ მის იმედებს.
- რა გახდა თქვენი და გუგას ოჯახის დანგრევის მიზეზი?
- ოჯახის დანგრევა ერთ დღეში არ ხდება. გროვდებოდა ბევრი საკითხი და მივედი იქამდე, რომ აღარ მინდოდა ასე გაგრძელება. რთული იყო ოჯახის დანგრევა, მაგრამ როცა აანალიზებ, რაზე მოგიწია უარის თქმა, ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ბედნიერი ადამიანი ვარ, მყავს უსაყვარლესი რონი, რომელმაც გადაგვრია მთელი ოჯახი.
- სახელი ვინ შეურჩია ბავშვს?
- რონი მამამ დაარქვა. მე ქართული სახელები მინდოდა, გუგას არაორდინარული სახელები მოსწონდა. სამშობიაროსკენ მივდიოდით და გზაში ჩამოვყარეთ კიდევ ვერსიები. მე ვთქვი რენე და მითხრა რენეს რონი ჯობიაო და ასე დავარქვით რონი. საქართველოში ვინმეს თუ ჰქვია ეს სახელი არ ვიცი. ბრიტანული სახელია და ისრაელშიც გავრცელებულია. იმედია, ბავშვი თვითონაც კმაყოფილი დარჩება როცა გაიზრდება და გაიაზრებს რაც ჰქვია.
