საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლო

თბილისი საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და კიდევ 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

"ბრალდების მხარე მოიყვანს ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტებს, რომლებმაც ჩაატარეს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით ექსპერტიზა და იდენტიფიკაცია დაადგინეს, მაგრამ ეს არ არის სადაო დაცვის მხარის მიერ, ვინაიდან არავინ უარყოფს, რომ იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან. რაც ყველაზე მთავარია ამ საქმეში არის ის, რომ ვერც ერთი მოწმე ვერ იქნება ბრალდების მხარის მიერ მოყვანილი, ვინც იტყვის, რომ მაგალითად ლაშა ბერიძის მითითებით გააკეთა რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, მოვიდა აქციაზე, რაიმე ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა, ძალადობაში და ა.შ." - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი.

"სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები გრძელდება. ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებათა გამოკვლევას - დაიკითხებიან მოწმეები, ექსპერტები, ასევე, გამოკვლეული იქნება ვიდეოჩანაწერები და წერილობითი მტკიცებულებები. ყველა ექსპერტიზის დასკვნა გახლავთ კატეგორიული და დადგენილია პირთა მონაცემები. თუ ბრალდებულები აღიარებენ, რომ ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ შეუძლიათ აღნიშნული მტკიცებულებები გახადონ უდავოდ. თუ არ ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ ადგილზე იყვნენ, შესაბამისად აღარ დაიკითხებიან ეს მოწმეები. თუ ვიდეომტკიცებულებებზე საუბრობენ, ყველამ ერთად ვიხილეთ ის მოწოდებები, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, ამ მოწოდებების შემდგომ განხორციელებული ქმედებები და დამდგარი შედეგი. ბრალდების მხარემ შეაფასა მათი ქმედება და ბრალდება წარედგინათ კონკრეტული მუხლებით", - აცხადებს საქმის პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ასევე, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.