32 წლიანი ისტორიის მქონე მუსიკალური ფესტივალი - "შემოდგომის თბილისს" ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები სტუმრობენ

თბილისობა

"შემოდგომის თბილისი" - ფესტივალი, რომელიც 1993 წელს ჯანსუღ კახიძემ დააარსა, ერთ სივრცეში ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს აერთიანებს. წელს, 33-ე სეზონი ელისო ვირსალაძემ გახსნა. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საფესტივალო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი კომპოზიტორ შალვა მშველიძის კომპოზიციებს დაეთმობა. შემოქმედებითი ჯგუფი კომპოზიტორის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება.

შალვა მშველიძემ პირველმა შემოიტანა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ფშავ-ხევსურული მუსიკალური დიალექტი. სიმფონიური პოემა "ზვიადაური" სწორედ ასეთ ნამუშევრებს მიეკუთვნება. ის აქტიურად მუშაობდა საოპერო მიმართულებითაც. ერთ-ერთი გამორჩეული ოპერა "დიდოსტატის მარჯვენაა". 21 სექტემბერს, თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა სწორედ ამ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

კონცერტები, ტრადიციულად, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 26 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდება.