ხანძარი იმერეთში - არის მსხვერპლი
1776368360
ბავშვები დღეს უფრო დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ვიდრე კითხულობენ, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წიგნები ეკრანის ცივმა ნათებამ ჩაანაცვლა და ისინი ახლა უფრო ხშირად რჩება თაროზე, თუმცა არსებობს სივრცე, სადაც ეკრანი ვერ აღწევს…
ამ ცვლილებების ფონზე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს უყურებენ არა გულგრილად, არამედ დიდი პასუხისმგებლობით. ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ წიგნის სიყვარული არ უნდა გაქრეს, ის უნდა გადარჩეს, გაიზარდოს და ახალ თაობას გადაეცეს.
დღეს გიამბობთ ისტორიას ადამიანზე, რომელმაც ბავშვობიდან საკუთარი სამყარო სწორედ წიგნებში იპოვა.
ბავშვობაში ყველაზე მეტ დროს წიგნებთან ატარებდა, სტუდენტობიდან კი მისი თავისუფალი დრო ძირითადად მთას, მოგზაურობას და აქტიურ სპორტს ეთმობა.
გიორგიმ და მისმა ორმა მეგობარმა - ლევან ვარამაშვილმა და ნათია დარჩიამ, რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ორგანიზაცია სახელად „მთიელი წიგნები“ - რომლის მიზანია საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.
„პრაიმტაიმი“ გიორგი კივილაძეს ესაუბრა:
- გიორგი, როგორ შეიქმნა „მთიელი წიგნები“?
- მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, ლევან ვარამაშვილმა და ნათია დარჩიამ, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა ორგანიზაცია - „მთიელი წიგნები“, რომლის მიზანია ბავშვებმა საჩუქრად მიიღონ ის წიგნები, რომლის წაკითხვასაც დიდი ხანია ნატრობენ.
- რა პრინციპით არჩევთ სკოლებს?
- იქამდე, სანამ რომელიმე რაიონში ჩავალთ, წინასწარ ვნახულობთ რუკას, შემდეგ კონკრეტულ რეგიონზე დაგვაქვს იქ მდებარე სკოლები. - სკოლას, რომელიც ყველაზე მეტად არის დაშორებული რაიონულ ცენტრს, ვუგზავნით შესაბამის ფორმას, რომელსაც მოსწავლეები ავსებენ და უთითებენ, რომელი წიგნის წაკითხვა სურთ. აღსანიშნავია, რომ ადგილზე ჩასვლისას მოსწავლეები საჩუქრად იღებენ არამარტო იმ წიგნს, რომელიც მითითებული ჰქონდათ, არამედ, თავად არჩევენ სხვა წიგნებსაც.
- როდესაც სკოლებში ჩადიხართ, როგორი რეაქცია აქვთ ბავშვებს?
- ძალიან უხარიათ. შეიძლება ადგილზე მისვლისას ისეთი ბავშვი შეგვხვდეს, რომ ეს წვალება მხოლოდ მათ გაცნობად ღირდეს.
- რომელიმე რეგიონში სტუმრობას ხომ ვერ გამოარჩევთ, რომელმაც განსაკუთრებული ემოციები დატოვა?
- კონკრეტულ რეგიონს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ძალიან მიყვარს სვანეთში ჩასვლა. ასევე, ბევრი კარგი მკითხველი გავიცანით პანკისის ხეობაში.
- რამდენი წიგნი გაქვთ გაჩუქებული?
- 20 000-ზე მეტი წიგნი გვაქვს გაჩუქებული.
- გიორგი, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუ გყავთ სპონსორი?
- კონკრეტული სპონსორი არ გვყავს, თუმცა გამომცემლობები გვიკეთებენ ფასდაკლებებს. ამასთან, რეგიონებში სიარულიც სპონსორზეა დამოკიდებული, რა მასშტაბის სპონსორსაც გამოვძებნით, შემდეგ იმხელა რეგიონს ვეჭიდებით. ვცდილობთ, რომ ერთ რეგიონზე ერთი სპონსორი გვყავდეს.
- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?
- აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, ახლა იმერეთის რამდენიმე სოფელში უნდა ჩავიდეთ. შემდეგ კი სამეგრელოს სოფლებში.

სოციალურ ქსელში, გიორგის და „მთიელი წიგნების“ მიმართ უამრავ პოსტს შეხვდებით, სადაც ადამიანები უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ. ჩვენ რამდენიმე ასეთ პოსტს შემოგთავაზებთ:
„თუ ვინმე ფიქრობთ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაშინ რა ჰქვიათ იმ საოცარ ადამიანებს, რომლებიც 31 დეკემბერს, ღამის 11 საათზე, ცივ და სუსხიან ამინდში, საკუთარ დღესასწაულს გადადებენ იმისთვის, რომ სხვებს მოუწყონ ნამდვილი დღესასწაული. გაიცანით გიორგი კივილაძე, მოსიარულე სიკეთე, ყველაზე ღიმილიანი და თბილი „თოვლის ბაბუ“ მთელ დედამიწაზე… აბა, ვის მიგიღიათ 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე საჩუქრები სკოლაში? ჩვენ მივიღეთ! სასწაულები ნამდვილად ხდება!“ - წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.
„ეს გიორგი კივილაძეა - ადამიანი, რომელსაც არც ამინდი აკავებს, არც ვირუსი და არც მიუღწეველი ადგილები.
უკვე 2 წელია ჩვენამდე ყველაზე მიუღწეველი ადგილებიდან ჯერ წერილები ჩამოაქვს, შემდეგ კი ამ წერილის ადრესატებთან მისვლაში გვეხმარება.
იცნობდეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, რადგან ეს ქვეყანა სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას.
„მთიელი წიგნები“ ამ პლატფორმიდან გიორგი მთელი წელი ზრუნავს ბავშვებზე მთელი საქართველოდან, შესაბამისად, შეგიძლიათ ემეგობროთ და ხელი შეუწყოთ ამ დიდებულ საქმეში.
გიო, მადლობა ყველაფრისთვის!“ - წერს კიდევ ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.