„1000-დან 20000-მდე კვერცხის დადება შეუძლია ერთ ტკიპას. 10 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ორგანიზმში...“ - მიხეილ სოხაძე

ტკიპა

თბილი თვეების დადგომასთან ერთად საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება. ინფექციების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება. ორ თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სპეციალისტები ასევე ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას.

სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს.

FAO Georgia-ს პროექტის მენეჯერი მიხეილ სოხაძე გადაცემაში „თქვენი დრო პალიტრაზე“ მოსახლეობას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს:

„1000-დან 20 000-მდე კვერცხის დადება შეუძლია ერთ ტკიპას.  10 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ორგანიზმში.წონით 100-ჯერ მეტი შეიძლება გახდეს“ - ამბობს მიხეილ სოხაძე.