VIDEO: ცნობილია ქალის ვინაობა, ვინც მოქალაქეებს გიორგი კვირიკაშვილის ძმის შვილად ეცნობოდა და ფულს სძალავდა

ფული

დაკავება თაღლითობის ბრალდებით - თეონა ჩაჩუა ერთ-ერთია იმ მრავალ დაზარალებულს შორის, რომელიც თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.

ახალგაზრდა ქალი "კურიერს" უყვება, თუ როგორ გამოსძალეს მის ოჯახს ათობით ათასი ლარი. მისი საჩივრის საფუძველზე პროკურატურამ თაღლითობაში ბრალდებული ოლღა გოგალაძე სპეცოპერაციით დააკავა. აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს სხვა არაერთი ადამიანი ჰყავს მოტყუებული და ყველასთან ერთნაირი სქემით მუშაობდა. თბილისსა და ბათუმში ბინის შეძენის მსურველებს ის მოტყუებით დიდი ოდენობით თანხებს სძალავდა.

გამოძიების ინფორმაციით, ოლღა გოგალაძე მოქალაქეებს მარიამ კვირიკაშვილის სახელით ეცნობოდა, თავს კი პროკურატურის თანამშრომლად და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ძმის შვილად ასაღებდა. ქალი პოტენციურ მსხვერპლს არწმუნებდა, რომ მისი ოჯახის მფლობელობაში იყო სამშენებლო კომპანია "ორბი" და შეეძლო მათთვის ბინები საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად გადაეცა. ნდობის მოპოვების მიზნით, მას მოქალაქეები სხვადასხვა მშენებარე ობიექტებზე და წინასწარ ნაქირავებ ბინებშიც კი მიჰყავდა. დანაშაულის დეტალები დღეს სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, სადაც ბრალდებულისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.

სხვებთან ერთად დაზარალებულთა ვრცელ სიაშია მამაკაცი, რომელზეც დღეს პროკურორმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ის ოლღა გოგალაძესთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. ოჯახს სარძლო გენერალური პროკურორის უახლოესი გარემოცვის წევრად გაეცნო და არარსებულ მშენებარე ობიექტზე ბინების საყიდლად დიდი ოდენობით თანხაც გამოსძალა.

თავად ბრალდებული დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან შურისძიების მსხვერპლია და მას არანაირი თანხები არ მიუთვისებია. მიზეზად ყოფილ მეუღლესთან დაშორებას და სხვა მამაკაცზე ქორწინებას ასახელებს.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 20 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოლღა გოგალაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოლღა გოგალაძის სახელი ფიგურირებს კიდევ ერთ საქმეში, რომელიც საქველმოქმედო ღონისძიებებიდან თანხების მითვისებას ეხება. საქმეს პროკურატურა ცალკე წარმოებად იძიებს. ბრალდებულს კარგად იცნობს შოუბიზნესის ნაწილიც. ის მათ ხშირად სადღესასწაულო ღონისძიებებზეც მასპინძლობდა.

მრავალათასიან თაღლითობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი საპატიმროში უკვე გადაიყვანეს. ის წარსულში ამავე ბრალდებით სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ამჯერად 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.