სიღნაღში, დის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალის დაღუპვის ფაქტი არ ახსოვს

meri

ზურაბ ალადაშვილს არ ახსოვს, რა ვითარებაში გარდაიცვალა მისი და და მიაყენა თუ არა ახალგაზრდა ქალს ფიზიკური დაზიანებები.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ახლაც შოკურ მდგომარეობაშია და დეტალებს ვერ იხსენებს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში 35 წლის მამაკაცს გამომძიებლებმა ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულს ედავება.

დაარღვევს თუ არა ბრალდებული დუმილს, ამის შესახებ ცნობილი სასამართლოზე გახდება. ხვალ, ზურაბ ალადაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში სხდომა ჩატარდება. არ არის გამორიცხული დაკავებულმა პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლოს და მოყვეს, რა მოხდა სოფელ გურჯაანის ცენტრალურ გზაზე გამთენიისას.

მანამდე კი, წნორში მხოლოდ ერთ ვერსიაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც დაკავებულ ზურა ალადაშვილს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა, ოჯახის წევრები, გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაპირისპირებულების გაშველებას მერი ალადაშვილი შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ხელჩართული ჩხუბის დროს ის დაეცა და თავის დარტყმის შედეგად სასწრაფოს მისვლამდე დაიღუპა. მანამდე კი, „კურიერის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდა, მათ შორის სახეზე და წელის არეში. როდის და რის შედეგად მიიღო გარდაცვლილმა ეს ტრავმები, გამოძიება დაადგენს, ჩატარდა ექსპერტიზები, რომლის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას მხოლოდ ორი თვითმხილველი ჰყავს, ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ და ძმა, ვისთანაც დაკავებულს კონფლიქტი მოუვიდა. სოსო ალადაშვილს კამერებთან გამოჩენა არ სურს. მომხდარის დეტალების გასარკვევად „კურიერი“ მასთან სახლში მივიდა, თუმცა ის ადგილზე არ იმყოფებოდა. შეეძლო თუ არა მას სიტუაციის განმუხტვა და მერი ალადაშვილის გარდაცვალების თავიდან აცილება - ამას სამართალდამცველები დაადგენენ. პოლიციამ მთავარი მოწმე არაერთხელ გამოკითხა.