სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ გიორგი ცაგარეიშვილი 1500 ლარით, ხოლო დავით გეგუჩაძე 1000 ლარით დააჯარიმა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფების ფაქტზე ოთხი სხდომა გაიმართა. მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კირცხალიას, 1500 ლარით დააჯარიმა, დავით გეგუჩაძე კი, რომელმაც სიძულვილის ენა გიორგი გაჩეჩილაძის მისამართით გამოიყენა, 1000 ლარით დაჯარიმდა.

"გიორგი ცაგარეიშვილს ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განთავსებული პოსტის კომენტარებში ბატონი ირაკლი კირცხალიას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი ესწრებოდა დისტანციურად, მან აღიარა ხსენებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია და მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სახდელის განსაზღვრის ნაწილში გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა და შეუფარდეს სახდელი 1500 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება დავით გეგუჩაძეს - მას ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა ბატონი გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს. აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდარღვევად, სახდელის სახედ კი განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, აგრეთვე, მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანი კაკიაშვილმა.